table

  დაღუპულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია  ამბობს, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტრანსპორტია. ყველაზე მწვავე მდგომარეობა კი ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი. მურღულიამ ამის შესახებ,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებში მოცემული დაბინძურების ხარისხი და პრობლემატიკა ქვეყანაში არსებულ დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება და ამის დასტურია მსოფლიო ბანკის მონაცემებიც.  მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის ქვეყანაში გასაკეთებლი.

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტოტრანსპორტია დასახელებული საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევაშიც. კვლევაში ნათქვამია, რომ 2012 წლის მონაცემებით საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100,000 მაცხოვრებლიდან 300-მდე ადამიანი იღუპება.

ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და ქვეყანაში ავტომობილების ტექდათვალიერების  აღდგენის საჭიროებაზე ისაუბრა.

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს DFWatch-თან კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი  გაუმართავი ტრანსპორტია.

დაბინძურების კიდევ ერთ მიზეზად გეთიაშვილი ხეების გაჩეხვასა და მიმდინარე მშენებლობებს ასახელებს, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას მაინც ქალაქებში, მითუმეტეს თბილისში წარმოადგენს.  მისივე თქმით,  პრობლემაა – საწვავის ხარისხიც, რომელიც ევროპული საწვავის სტანდარტებზე ბევრად დაბალია და რომლის მონიტორინგიც, ისევე როგორც ავტომობილების ტექდათვალიერება, ქვეყანაში არ ხორციელდება.

გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ რადგან ასეთი კვლევა გამოქვეყნდა, ხელისუფლება ვალდებულია აღნიშნულ საკითხზე სერიოზული მოკვლევა ჩაატაროს და პასუხი გასცეს კითხვებს – მართლაც ასეთი საშიშია თუ არა საქართველოში ცხოვრება და რამდენად არის ჰაერი დაბინძურებული?

„სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია ასეთ განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს. ამიტომ საჭიროა ხელისუფლებამ სერიოზული მოკვლევა ჩაატაროს და თუ  ასეთი საფრთხე არსებობს, ამას ღონისძიებათა ჯაჭვი უნდა მოყვეს. პირველ რიგში აუცილებელია, მანქანების ტექნიკური დათვალიერება დაინერგოს. კიდევ ერთი მიზეზი საწვავის ხარისხია, იმიტომ რომ აქ ის ევროპის სტანდარტს  ჩამორჩება. არც მონიტორინგი ხორციელდება საწვავზე ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს. შესაბამისად ეს სისტემაც საჭიროებს გამართვასა და გაუმჯობესებას, რაც ალბათ მოხდება კიდეც, რადგან ევროკავშირთან ორმხრივი შეთანხმების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს – ქვეყანაში მანქანების ტექნოდათავლიერების დანერგვასა და საწვავის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას,“-აღნიშნა გეთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაუქმდა, რის მიზეზადაც ამ სფეროში არსებული კორუფცია დასახელდა.

ცნობისთვის,  ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ანუ 2019 წლისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა გახდეს.