8 ივლისს პარასკევს ვარშავაში NATO-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნება, სადაც მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალი გზები იქნება შემუშავებული.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, მთავრობას სამიტისგან კონკრეტული მოლოდინი აქვს, თუმცა ეს MAP-ს არ უკავშირდება.
„სამიტზე შემუშავებული იქნება ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, – განაცხადა ჯანელიძემ.
თავდაცვისუნარიანობის მეტი საშუალების მიღებაზე გააკეთა აქცენტი თავდაცვის მინისტრმაც, თუმცა MAP-ი არც მას უხსენებია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველო ვარშავიდან თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტი საშუალებით ჩამოვიდეს. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა აეროპორტში პოლონეთში გამგზავრების წინ.
გასულ თვეს ამაზე წერდა ამერიკული გამოცემა The Washington Post, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.
2 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერის ვიზიტისას ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, როდის მიიღებს საქართველო MAP-ს, განაცხადა, რომ ეს საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად,“ – აღნიშნა მერკელმა.
ვარშავაში სამიტზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია 7 ივლისს, ხუთშაბათს გაემგზავრა. დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.