„მატარებლები აუცილებლად ივლიან. მოსწონს ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზამ ფუნქციონირება უნდა აღადგინოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ამბობს, რომ აფხაზეთისთვის რკინიგზა მნიშვნელოვანია და ის გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ საქართველო „ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკად აქცევს.”

„რკინიგზის გამოყენება დამატებითი მხარდაჭერა იქნებოდა რესპუბლიკისთვის, თუმცა თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება არ სურს, მათ შორის არც ეკონომიკურ სფეროში,“ – ამბობს ხაჯიმბა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, სადაც რკინიგზის საკითხის გარდა ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მსოფლიოსაგან აფხაზეთის იზოლაციას ცდილობს. მისი თქმით, აფხაზეთის „აღიარების“ მე-10 წლისთავზე სოხუმში  მიწვეულები არიან ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი. გარდა ამისა, სულ მალე მზადდება მისი „ოფიციალური ვიზიტი“ სირიაში ბაშარ ასადთან, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სცნო „აფხაზეთის დამოუკიდებლობა“. აცხადებს, რომ „აღიარების“ პოლიტიკა გაგრძელდება, თუმცა არ იტყვის კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობები, რადგან თბილისი დაბლოკავს.

„იზვესტიასთან” ინტერვიუში ხაჯიმბამ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნატო რუსეთის სამხრეთით საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმს ქმნის.

ცნობისათვის, აფხაზეთში რკინიგზა 1993 წლიდან არ ფუნქციონირებს. რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხს წლებია აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ. შარშან, საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის მათი მთავრობის გადასაწყვეტი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით კი, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა არ განიხილება.