(DFWatch.)

2018 წლის ექვს თვეში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 57 მოქალაქე დააკავეს. ყველაზე მეტი შემთხვევა – 22 – ივნისში მოხდა. ამ თვეში დაკავებულთა შორისაა ორი ქართველი მესაზღვრე, ერთი 94 წლის მოხუცი, ერთი 16 წლის ბიჭი და ერთი – მღვდელი. თუმცა საყურადღებოა, რომ კიდევ უფრო დიდია დე ფაქტო რესპუბლიკის “მოქალაქეების” დაკავების რიცხვი.

2018 წლის 6 თვის მონაცემები თვეების მიხედვით ასეთია: იანვარში გაიტაცეს და დააკავეს საქართველოს 6 მოქალაქე, თებერვალში – 6, მარტში – 5, აპრილში – 11, მაისში – 7, ივნისში – 22. სუს-ის ინფორმაციით, ამ მონაცემებში ცდომილება ჯამური რიცხვის 5-10%-ს შეადგენს.

ამ ადამიანებს ცხინვალის იზოლატორში ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, რომ მათ „სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს“ და 2 000 რუბლის (დაახლოებით 77 ლარი) გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

საგულისხმოა ის, რომ თავად ცხინვალის რეჟიმის ცნობით, დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის მცდელობისას სხვადასხვა მონაკვეთებზე ბევრად მეტ ეთნიკურ ოსს აკავებდნენ „საზღვრის დარღვევის გამო“ მაგალითად აპრილში დააკავეს 45 ოსი, ხოლო მაისში – 35. სხვა თვეების მონაცემები ცხინვალის რეჟიმს არ გამოუქვეყნებია.

როგორც ოსური „კაგებე“ აცხადებს, დარღვევის თითოეული ფაქტის მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდა, ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი მხოლოდ გააფრთხილეს.
სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ქართველებზე ბევრად მეტ “დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს” აკავებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში ცდილობენ ჩუმად შემოსვლას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სხვადასხვა სოფლებიდან.

კონფლიქტოლოგების თქმით, დაკავებული ქართველების უდიდესი უმეტესობა სულაც არ ცდილობს ცხინვალის რეგიონში შესვლას, ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მკვიდრები არიან, რომლებსაც ე.წ. საზღვართან ახლოს ან საძოვრები აქვთ, ან ბოსტანი, ან ყანა, ან საქონლის საძებნელად თუ ტყეში შეშის მოსაგროვებლად უწევთ კონფლიქტის ხაზთან მიახლოება და ასეთ დროს მათ რუსი ჯარისკაცები იტაცებენ.

ეთნიკური ოსების შემთხვევაში კი დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს, ძირითადად, ვაჭრობასა და სამედიცინო სერვისის მიღებას უკავშირდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს თბილისში ჩასვლა რუსეთის პასპორტებით ლარსის გამშვები პუნქტიდან უპრობლემოდ შეუძლიათ, მაგრამ ამას დროც დიდი სჭირდება და გზა ხარჯსაც ზრდის. ამიტომ ისინი, განსაკუთრებით კი ე.წ. სასაზღვრო ოსური სოფლების მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას შემოვლითი გზებით ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან ამჯობინებენ, მიუხედავად იმისა, რომ რისკი დიდია.

ამ ფარული გზებით ხშირია კონტრაბანდული პროდუქციის გადმოტანაც, ძირითადად ოსებს სიგარეტი გადმოაქვთ. თბილისიდან ცხინვალის რეგიონში კი სხვადასხვა საკვები პროდუქტი გადააქვთ და დე ფაქტო ხელისუფლება კონტრაბანდას უწოდებს იმ პროდუქციას, რომელიც იქაურებს ქართული სოფლების გავლით ჩუმად შეაქვთ, ახალგორთან ოსების მიერ გახსნილი ე.წ საბაჟო პუნქტის გავლის გარეშე.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძის თქმით, ცხინვალის რეჟიმი თავის “მოქალაქეებს” ბევრად უფრო ლმობიერად ეპყრობა.

“ბევრად მეტი ოსი გადმოდის, ვიდრე აკავებენ. თან, როგორც ვიცი, ვისაც აკავებენ, მათ არც ციხეში სვამენ და არც ჯარიმას ახდევინებენ, მხოლოდ აფრთხილებენ და შემდეგ უშვებენ. ქართველებს კი იზოლატორში სვამენ და აჯარიმებენ კიდეც,“ – ამბობს არეშიძე.