დასავლეთ ევროპის ქალაქებში სამოძრაოდ ხალხი პატარა, ეკონომ-კლასის მანქანებს ირჩევს, თბილისი კი სავსეა უზარმაზარი ჯიპებით, რომლებიც ქალაქგარეთ, უგზოობაზე გადაადგილებისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე დედაქალაქის აუტანელი საცობების გავლით სამსახურში სასიარულოდ.
ამ ზორბა მანქანებს ‘ყოვლისშემძლე’ მძოღლები მართავენ, რომლებიც ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე აჩერებენ საკუთარ ‘ტროლეიბუსებს’ ძველ უბნების ვიწრო ქუჩებში, რათა მაღაზიაში ‘ერთი წუთით’ გადავიდნენ ან კიდევ შუა ტროტუარზე აყენებენ მანქანას ისე, რომ საცოდავ გამვლელს ფეხით სასიარულო გზა პრაქტიკულად არ რჩება, რომ არაფერი ვთქვათ, ეტლზე მიჯაჭვულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ან დედებზე, რომლებიც თავიანთ პატარებს საბავშვო ეტლებით ასეირნებენ.
ეს მძღოლები საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, მაშინაც კი, როდესაც სიჩქარეს მყისეულად უმატებენ ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გზიდან გადახტომას აიძულებენ ან საერთოდ აიგნორებენ ზებრა-გადასასვლელს.
რატომ არის აგრერიგად მნიშვნელოვანი, გყავდეს ყველაზე დიდი მანქანა სამეზობლოში? ერთ შესაძლო ახსნას საბჭოთა წარსულისკენ მივყავართ. მაშინ მანქანა სტატუსის სიმბოლოზე ბევრად მეტი იყო, რადგან ის მკაცრად რეგულირებულ საზოგადოებაში ადამიანის პერსონალური ავტონომიის ხარისხს წარმოაჩენდა.
უკრაინელი ეკონომისტი სვეტლანა რეპინა პოსტ-საბჭოთა უკრაინაში მოხმარების თვალშისაცემი კულტურის შესახებ თავის ნაშრომში წერს, რომ ძვირადღირებული ნივთების ფლობის წყურვილი კაპიტალის პირველადი დაგროვების პერიოდებში ჩნდება. 70-წლიანმა მმართველობამ მთლიანად მოსპო ‘ძველი ბურჟუაზია’ (ანუ ოჯახები, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი წლების განმავლობაში და ფლობენ დიდ კაპიტალს), ვისაც არ სჭირდება, ამტკიცოს თავისი ფინანსური და სოციალური სტატუსი ძვირადღირებული ნივთებით, რადგანაც კუთვნილება ამა თუ იმ ოჯახისადმი თავისთავად წარმოჩენს საზოგადოებაში მათ ადგილს, წერს რეპინა. თუმცაღა ახალი ბურჟუაზია, პირიქით, სტატუსის განსამტკიცებლად დამოკიდებულია, ან მიიჩნევს, რომ დამოკიდებულია, ძვირადღირებულ ნივთებზე, რათა გაამყაროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და გამოეყოს ღარიბებს, რომელთაც ასეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.
მდიდარ ქვეყნებში, სადაც საშუალო კლასი დიდია და ძლიერი, სოციალური სეგრეგაცია ნაკლებად შესამჩნევია და მდიდრებს არ სჭირდებათ, ყოველ წამს ამტკიცონ მათი სტატუსი ძვირადღირებული ნივთების წარმოჩენით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველები (ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები) ცდილობენ მათი რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური სტატუსი გარშემომყოფებს ძვირფასი მანქანების დემონსტრირებით დაანახონ, მაშინაც კი, როცა რეალურად ამის საშუალება ხშირად არც კი გააჩნიათ.
ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში არის 700-დან 800 ლარამდე (731 ლარი 2013 წელს). თუმცა სხვა კვლევები აჩვენებს, რომ თბილისელთა 34 პროცენტს საერთოდ არ აქვს პერსონალური შემოსავალი და მხოლოდ 11 პროცენტი გამოიმუშავებს 700 ლარზე მეტს თვეში.
ამიტომაც, სხვისთვის ‘თვალებში ნაცრის შესაყრელად’ ერთადერთი გზაა, მეგობრებისგან, ოჯახისგან ან ბანკისგან ფულის სესხება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ათი წლის გამავლობაში ქართველებმა ისესხეს 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საშუალებების, ძირითადად – მობილური აპარატების, შესაძენად, რაც ხშირად ასევე ‘სტატუსური ნივთის’ ფუნქციას ასრულებს-ხოლმე. გასულ წელს მათ 200 მილიონი ლარი ისესხეს, ხოლო 2013 წელს კი 300 მილიონი.
ქართველთა ერთ ნაწილს კი ეს ყველაფერი მობეზრდა. რამდენიმე თვის წინ გარემოს დამცველთა ჯგუფმა „ახალგაზრდა მწვანეები“ დაიწყო სოციალური კამპანია ლოზუნგით – ‘დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ’, რომელიც გიგანტური, მოუხერხებელი და ეკოლოგიურად საზიანო მანქანების მოყვარულთა ‘გამოსაფხიზლებად’ არის მიმართული.
კამპანიის მონაწილეები ამ წარწერით სტიკერებს თბილისის ქუჩებში აკრავენ და იღებენ ფოტოებს, სადაც დიდი მანქანის მფლობელი კაცების ‘ღირსებას’ დასცინიან.
ეკა მღებრიშვილი, კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ ამ აქციას ჯერ შესამჩნევი შედეგი არ ჰქონია, თუმცა საჯარო დისკურსის გამოწვევა უკვე მოახერხა.
„ზოგიერთს საშინლად არ მოეწონა ეს. ისინი გაბრაზდნენ და შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ჩვენ მიერ პენისის ზომაზე მითითების გამო, რადგანაც, როგორც ჩანს, მათ ჩვენი მანიფესტი არ წაუკითხავთ. თუმცა მეორე ნახევარმა ეს გაიგო და მხარი დაუჭირა.“
ცხადია, თბილისის ქუჩების ‘მეფეებს’ მხოლოდ სტიკერები და ონლაინ-ფოტოები ქუჩებიდან ვერ დააფრთხობს, თუმცა ვინ იცის…
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.