დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩატაევთან და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე იყო დაფარული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, „დღეს სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ“.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ დასმული იმ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, იყო თუ არა შეცდომა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება.
„თუ ჩვენმა რომელიმე თანამდებობის პირმა თავის დროზე ჩათვალა, რომ აქ საქმე გვქონდა რაიმე ისეთ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება სხვისი გაკეთებული იყო – წინა ხელისუფლების, მაგრამ მისი გამომზეურება საქართველოს ზიანს მიაყენებდა და ამიტომ შესაძლოა რაღაცეები არ ითქვა, მე მათ ვთხოვ და მივმართავ, რომ ახლა ისე წავიდა საქმე, რომ სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ, რა ხდებოდა ამ საქმეში, ვიდრე ვიყოთ რაღაც კითხვის ნიშნების ქვეშ, განსაკუთრებით მსოფლიო პრესიდან და სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა, გამოსაძიებელი არაფერია, მაგრამ მაინც სჯობს ლაფანყურის გამოძება დასრულდეს.
„დღეს მოვლენებმა ისეთი განვითარება შეიძინა, რომ სჯობს სიმართლე ითქვას და მივიღოთ, თუ რაიმე ზარალი ზარალია მისაღები.“
ცნობისათვის, შაბათს „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს.
წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევის მიერ 28 ივნისს ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზებაზე თურქული და დასავლური მედია აქტიურად წერს. ოფიციალური ანკარა ამას არ ადასტურებს. ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციისას იარაღის უკანონო შენახვა–ტარების მუხლით წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ის პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ ციხიდან გაუშვა და მალევე ბრალდებაც მოუხსნა, მტკიცებულებების არარსებობის გამო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.