„ეს ცნობილი ტერორისტი (ახმედ ჩატაევი) თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა,“ – აცხადებს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი.
„როდესაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები.
„რატომ მოხდა (ჩატაევის) გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია – ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება, თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს და განაცხადეს, რომ იარაღი არ ჰქონია. გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა“, – აღნიშნა სუბარმა და შაბათს 2 ივლისს „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ოპერატიულ დავალებებს ასრულებდა.
„ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული. გასარკვევია რა დავალებებს აძლევდა სააკაშვილი და მაშინდელი უშიშროების სამსახური ჩატაევს, როდესაც ჩვენი მოქალაქის პასპორტით დაიარებოდა აქეთ-იქით,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
გიორგი (გია) ლორთქიფანძე 2015 წლიდან ოდესის ოლქის პოლიციის უფროსია.
აღსანიშნავია, რომ სესიაშვილმა იქვე ეთერშივე გადათქვა წინა ხელისუფლების მიერ ჩატაევისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და თქვა, რომ ჩატაევი საქართველოს მოქალაქე არ იყო.
„დიახ, ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ გითხარით, აგენტი იყო“,- თქვა მან.
„ჩვენმა პროკურატურამ ის ატარა პროკურატურაში ძალიან სერიოზულ დაკითხვებზე, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილის და ლორთქიფანიძის ერთგული დარჩა და არ ითანამშრომლა პროკურატურასთან,“ ამბობს სესიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ჩატაევის გათავისუფლების გამო ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს.
წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევის მიერ 28 ივნისს ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზებაზე თურქული და დასავლური მედია აქტიურად წერს. ოფიციალური ანკარა ამას არ ადასტურებს.
ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციისას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ის პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ ციხიდან გაუშვა და მალევე ბრალდებაც მოუხსნა, რის შემდეგაც ჩატაევი ავსტრიაში სამკურნალოდ გაემგზავრა, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. ჩატაევს რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.