საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა აქცია „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებს საგანგებო გაფრთხილება მისცა, რომელიც თავისუფლების ქარტიით აკრძალული საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას უკავშირდება.
უშიშროებისაგან მიღებულ წერილს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.
„რა სიმბოლიკას გამოვიყენებ, მე მომანდეთ გადასაწყვეტად – მით უმეტეს, რომ გამოცხადებული მაქვს, ჩვენი მოძრაობა – “საქართველოს უკვდავი პოლკი” – აქციაზე მოდის ჩვენი სახელოვანი წინაპრების, ფაშიზმზე გამარჯვებულთა სურათებით, ყვავილებითა და სხვა კანონით ნებადართული საზეიმო ატრიბუტიკით, რომელთა შორის, სიმბოლურად და ისტორიისადმი პატივისცემის ნიშნად , 1 ფოტო იქნება მეორე მსოფლიო ომის დამაგვირგვინებლის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლის გამოსახულებით. ნუ ეცდებიან თქვენი ხელქვეითები ჩემს პროვოცირებას ზედმეტი წერილებითა და გაფრთხილებებით, მათ ერჩივნოთ, გააფრთხილონ ტერორისტული მასმედია, “რუსთავი 2”-ის მესვეურის “თამადობით“,“ – წერს გულბაათ რცხილაძე.
9 მაისს თბილისში, ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში დაგეგმილია აქცია “საქართველოს უკვდავი პოლკი”, რომლის ორგანიზატორები წელს თბილისში პირველად აპირებენ მარშის გამართვას მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
2011 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “თავისუფლების ქარტია” კრძალავს კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლოების გამოყენებას საზოგადოებრივ ადგილებში. თუმცა შესაბამისი პუნქტები გაურკვევლად არის ფორმულირებული და ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი “უკვდავი პოლკი” ნომინალურად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნება, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ რეალურად კრემლის ერთგვარ პროპაგანდისტულ აქციას წარმოადგენს. ის 80-მდე ქვეყანაში ტარდება და, როგორც წესი, მასში პრორუსული ან კომუნისტური მიმართულების პარტიების აქტივისტები მონაწილეობენ-ხოლმე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.