მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის, ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობა ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 2,2%-ით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირებულა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.
ამ მონაცემების თანახმად, გაზრდილია როგორც დასაქმების მაჩვენებელი, ასევე შრომისუნარიანი მოსახლეობის აქტივობა.
ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 5.2 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ – 0.2 პროცენტით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა – დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1.1%-ით არის გაზრდილი.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2014 წელს 2013 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 22.1 და 5.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 11 წლის, ხოლო სოფლად ბოლო 7 წლის მანძილზე.
წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.5 და 0.8 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დედაქალაქში ფიქსირდება. თუმცა, აქაც კლების ტენდენციაა.
დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში 1,9%-ით, ასევე კაცებში 2,5%-ით.
„ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 42.9 და 22.6 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე,“ – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება უმუშევრობის ასაკობრივ ჭრილში განხილვას, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე არ შეცვლილა მხოლოდ 55-59 ასაკობრივ ჯგუფში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში კი აღნიშნული მაჩვენებელი ყველგან შემცირებულია. უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი კლება – 11.3%, 15-19 ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ამ ასაკობრივ ჯგუფში რჩება.
„უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება,“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.