bank_of_greece

Bank of Greece (Interpressnews)

საბერძნეთის ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამაც არ იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო.  პრობლემა კი იმ 200 ათას ქართველს ეხება, რომლებიც არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში მუშაობენ და სამშობლოში საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს მატერიალურად ეხმარებიან.

ქვეყანაში ამ დროისთვის შეჩერებულია როგორც ფულადი გზავნილების განხორციელება, ასევე სატვირთო გადაზიდვები.

არაოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში დაახლოებით 200 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება (სადაც ასევე არაოფიციალური მონაცემებით 800 ათასამდე საქართველოს მკვიდრი ცხოვრობს).

საბერძნეთიდან საქართევლოში ყოველთვიურად საშუალოდ 17 მილიონი აშშ დოლარი ირიცხება. ამასთან, არ არსებობს ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, გადარიცხვის გარეშე, “ქეშად” რა რაოდენობის თანხა შემოდის, რადგან,  როგორც DFWatch -თან საუბრისას საბერძნეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა, ნატო ალექსიძემ უთხრა, ხშირად იქაური ქართველობა სამშობლოში ფულს ახლობლებს ატანს.  განსაკუთრებით ისინი, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს და ურჩევნია,  გადარიცხვის საკომისიოს ტვირთს აარიდოს თავი.

ეკონომისტები და ფინანსისტები ამ ვითარებაში ორ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.  ერთია საბერძნეთში მყოფი ქართველების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და მეორე, მათ მიერ გადმორიცხულ/გამოგზავნილი ფულის ნაკადის შეწყვეტა, რაც უკვე ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად.

ათენში მცხოვრები ნატო ალექსიძე  ამბობს, რომ სამსახური ჯერჯერობით არ დაუკარგავს, მაგრამ არ იცის, ხელფასს როდის და რა ოდენობით აიღებს.

თუმცა, კიდევ ერთი ქართველი,  სოფო კახიანი,  რომელსაც DFWatch  დაუკავშირდა,  ამბობს, რომ ის სამსახურიდან უკვე დაითხოვეს და 1 ივლისიდან აღარც სამსახური აქვს და აღარც საცხოვრებელი. საქართველოში დაბრუნებას კი ვერ ახერხებს.

მესამე ქართველი, ნინო გოგილაშვილი, რომელსაც DFWatch  „ფეისბუკის“ მეშვეობით ელაპარაკა, ამბობს, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან თანხის  გადაგზავნასაც ვერ ახერხებენ, არა მარტო იმის გამო, რომ მათ ოჯახებს ამის საშუალება არა აქვთ, არამედ იმის გამოც, რომ ბანკები არ მუშაობს და, რაც მთავარია, გადარიცხული თანხის გამოტანას ვერ შეძლებენ.

„უკვე რამდენიმე წელია, აქ ვარ.  პრობლემები იყო, მაგრამ ასეთი, ახლა რომ არის, არასოდეს ყოფილა.  ბევს ვიცნობ და ყველა ამ მდგომარეობაშია. აქ ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, პრობლემა რომ არ ჰქონდეს,“ – ამბობს ნინო გოგილაშვილი.

ამას ემატება ისიც, რომ საკონსულო მომსახურეობის მიღებაც შეუძლებელი, რადგან იქ საქმის წარმოება უნაღდო ანგარიშსწორებით მიმდინარეობს.

ორშაბათს დილით საგარეო სამეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ სამინისტროს ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს საბერძნეთში მყოფი ქართველების დახმარება არანაირად არ შეუძლია.

„კეთილი სურვილების გარდა, მეტი არაფერი შეგვიძლია,“ – თქვა ბრიფინგზე დავით კერესელიძემ.

პარლამემტში მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმოქმედოს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობამ საბერძნეთი  ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

თუმცა, დღის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში DFWatch -ს ისევ ვერაფერი ვერ უთხრეს, იგეგმება თუ არა რამე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა.

საბერძნეთში მყოფი ქართვეელების ბედის გაურკვევლობასთან ერთად კი ფინანსისტები  მეორე პრობლემად მათი გზავნილების შეწყვეტას ასახელებენ.

როგორც DFWatch-თან „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ,  თქვა „საბერძნეთში არსებული პრობლემის გამო თავდაპირველად საქართველოში გზავნილებმა, შესაძლოა, 4-5 მილიონით დაიკლოს, თუმცა მთავარი პრობლემა საბერძნეთის გრძელვადიანი კრიზისია, რომელიც იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობით ემუქრება.”

მისი თქმით,  მათი ოჯახები საქართველოში არამარტო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, არამედ გარკვეულ ნაწილში ეს აისახება საბანკო ვალდებულებების ვერშესრულებაზე, რამაც გრძელვდიან პერიოდში, შესაძლოა,  ბანკებსაც კი შეუქმნას პრობლემა.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ამ 200 ათასი ადამიანიდან რამდენს აქვს საბანკო ვალდებულება და საერთო ჯამში აქედან რამდენი ვერ შეძლებს გადახდას.  ამიტომ ძნელია იმის თქმა, იქნება თუ არა ამ მხრივ ბანკებისთვის  ისეთი მნიშვნელოვანი, რომ  მათ სერიოზული ზარალი მიაყენოს. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, ეს ამ ადამინების ოჯახებზე მძიმედ აისახება და  კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის,“ – ამბობს გოცირიძე.