ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიციიდან პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ მისი ფავორიტები არიან – რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“. ამის შესახებ ექსპრემიერმა ორშაბათს, ქუთაისში, GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ისაუბრა.
„დღეს „თავისუფალი დემოკრატები” მირჩევნია „რესპუბლიკელებს“. თუმცა ორივეს პირველ რიგში დავასახელებ. რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ორივე პარტია თანმიმდევრულად მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ კურსს.
„…რატომ მირჩევნია „დემოკრატები“? დღესაც გავიმეორებ, რომ მათმა ლიდერმა ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომები გუნდმაც გაიზიარა. მაგრამ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, რა ინფორმაციაც ჩემამდე მათ შორის გუნდის წევრებისგან მოსულა, ალასანიას შემდგომ შეცდომებს მისი თანაპარტიელები აღარ გადაყვნენ და უფრო სერიოზული შეცდომები აღარ დააშვებინეს. ამ მხრივ, დღეს „დემოკრატები“ უფრო ჯანსაღად გამოიყურება.
„რესუბლიკელებს“ ერთ რამეს შევახსენებ – უსუფაშვილი 4 წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, თითი თითზე არ დაუდია. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კოალიციაში შეთანხმებულები ვიყავით, იყო ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ხალხმა აღარ უნდა აირჩიოს. მაგრამ „რესპუბლიკელებს“ ეს არ აწყობდათ, რადგან მარგველაშვილს ეთამაშებოდნენ, რომ ამით პარტია გაემაგრებინათ. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მათთვის სახელმწიფო იწყება და სრულდება იქ, სადაც პარტიაა,“ – აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, რომ არა პარტია „ქართული ოცნება“ ვინ იქნებოდა მისი მეორე არჩევანი?
მანვე „მრეწველებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პარტია ძალიან იოლად მიჰყვებოდა კოალიციის გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც მისი პრორუსულობის ეჭვს იწვევდა… შემდგომ ეტაპზე პრაქტიკულად დახვეწეს ეს მიმართულება და დღეს „მრეწველებს“ აშკარად პრორუსული კვალი დაედო. შესაბამისად, ფავორიტებში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ გვერდით ვეღარ დავასახელებ.“
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.