osgf

(OSGF)

მტკიცებულებების მოპოვების პროცესსა და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს ორშაბათს,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში  არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა არსებობს და  ხშირად ხდება სს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა.

თუმცა კვლევის ავტორებს პრეზენტაციაზე არ დაუსახელებიათ ის მოსამართლეები ან კონკრეტული საქმეები, რომელთა შესწავლისას აღნიშნული ხარვეზები აღმოაჩინეს.

რაც შეეხება დარღვევებს, კვლევაში ნათქვამია, რომ არის შემთხვევები როცა საასამართლო ირიბ ჩვენებას ეყრდნობა, რაც  საპროცესო კოდექსით მიუღებელია.

ასევე კვლევის თანახმად, არაერთგვაროვანია სასამართლო პრაქტიკა მხარეებს შორის მტკიცებულებების გაცვლისა და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. კერძოდ, საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ მხარეებმა მტკიცებულებები სასამართლო პროცესამდე 5 დღით ადრე უნდა წარადგინონ და ერთმანეთში გაცვალონ, თუმცა რიგ შემთხვევებში სასამართლო მტკიცებულებების წარდგენას პროცესამდე 6 დღით ადრე ითხოვს.

ამასთან, დარღვეულია მხარეებს შორის შეჯიბრებითობის პრინციპიც. კერძოდ, ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარეს ხშირად მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა სათანადოდ არ ეძლევა.

როგორც ა/ო „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, „ეს იყო პირველი მცდელობა, რომ მთლიანად ყველა ინსტიტუტი მოგვეცვა და არსებული პრაქტიკა შეგვესწავლა“.

პრეზენტაციაზე კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კანონები ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ  სხვადასხვა უწყებას მათი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. მათივე თქმით, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უკვე შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნიან.