საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ახალი ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც დასასწრებლად სამშაბათს, 17 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრნენ.
ეს პროექტი გაზის სამხრეთ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით გაზს ევროპას მიაწვდის. ის გულისხმობს აზერბაიჯანული გაზის იტალიაში ტრანზის საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტი აზერბაიჯანანმა 2015 წელს კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში დაიწყო, რომელიც მილების საშუალებით 2019 წლისთვის ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობის ტრანზიტს მოიაზრებს აზერბაიჯანიდან იტალიის სამხრეთისკენ. დერეფნის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.
გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტი იყოფა სამ ნაწილად. ერთია სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP), რომლის სიგრძე 690 კმ-ია და აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. საქართველოში მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ის საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის და 50 კმ-მდე გაზსადენის მშენებლობას და 2 მლრდ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
მეორე ეტაპია – ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP), ის 1900 კმ-იანია და თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან.
მესამე ეტაპია – ტრანს-ადტრიატიკული მილსადენი (TAP), რომელიც საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიდის სამხრეთ იტალიამდე. ამ მესამე ეტაპის მშენებლობა გაიხსნა სწორედ 17 მაისს საბერძნეთში. ტაპ-ის მილსადენის სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
როგორც ენერგეტიკის სამინისტრო ამბობს, გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.
ამ პროექტის ნაწილის, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება.
„აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს,“ – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.