stencil

სტენსილი აქტივისტების დაკავების შემდეგ მალევე გადაღებეს (DFWatch)

თბილისის იერსახის დამახინჯების ბრალდებით,  სამშაბათს, გამთენიისას, დაკავებული  10-ვე ლგბტ  საზოგადოების უფლებადამცველი აქტივისტი უკვე გათავისუფლებულია. 3 მათგანი, რომლებიც რუსთაველზე ზებრა გადასასვლელის შეღებვის გამო დააკავეს,  დაკავებიდან მალევე გაათავისუფლდნენ. ხოლო 7 პირის საქმეზე, რომლებიც საპატრიარქოს კედელზე სტენისლების გაკვრის გამო დააკავეს, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წარმომადგენლის, სოფო ტაბატაძის ინფორმაციით, რომელიც დილიდან საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა,  ამ დროისთვის შვიდივე მათგანი გათავისუფლებულია და სასამართლო სხდომა  მაისის ბოლოსთვის გადაიდო.

როგორც DFWatch-ს შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულებიდან 7 პირი, საპატრიარქოს რეზიდენციის კედელზე ე.წ. სტენსილების გაკვრისას დააკავეს.

„7 პირი საპატრიარქოს რეზიდენციის კედელზე ე.წ. სტენსილერების გაკვრის დროს დააკავეს. გარდა ამისა, ამ პირებმა როგორც კი ოპერატიული ჯგუფი დაინახეს მიმალვა სცადეს და პოლიციის თანამშრომლებს  წინააღმდეგობა გაუწიეს. ამიტომ შვიდივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (ადმინისტრაციული ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს )  და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს  დაჯარიმებას 400 ლარით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით) საფუძველზე დააკავეს. დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

„რაც შეეხება, დანარჩენ 3 ადამიანს,  რომლებმაც რუსთაველზე ქვეითთა სავალი ნაწილი საღებავებით მოხატეს, ისინიც  ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს. მათი  საქმე შესასწავლად საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას  გადაეცა,“ – აღნიშნეს უწყებაში.

A small group of feminist and LGBT activists rallied in front of the Tbilisi City Court’s building demanding an immediate release of the detainees. (DFWacth)

A small group of feminist and LGBT activists rallied in front of the Tbilisi City Court’s building demanding an immediate release of the detainees. (DFWacth)

ასოციაციის  „ლგბტ საზოგადოება“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე კი DFWatch-თან საუბრისას დაკავებისას პოლიციელების მიერ უხეშ და ძალადობრივ მოპყრობაზე საუბრობს. მისივე თქმით, დაკავებულთაგან რამდენიმე მისი ორგანიზაციის წარმომადგენელიცაა.

„ეს პირები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე  სტენსილებს აკრავდნენ, თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე, არ ვიცი.  სწორედ ამ დროს, უცებ მივიდნენ  პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც არც ფორმა ეცვათ და არც საკუთარი თავი წარუდგენიათ, და აქტივისტები მანქანაში ძალადობრივად ჩატენეს,“ – ამბობს ბერიანიძე.

შს სამინისტროს განმარტებით კი ამ პირთა დაკავება არა საპატრულო პოლიციის, არამედ სამართალდამცველების ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მოხდა. რომლებსაც ფორმა არ აცვიათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოპერატიული ჯგუფი არ იქნება.

„ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წარმომადგენელი სოფო ტაბატაძე, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან ლგბტ საზოგადოების აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა,  DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ სტენსილების გაკვრა თუ საღებავით მოხატვა, ორგანიზაციების დაგეგმილი არ ყოფილა და  ეს იყო უშუალოდ აქტივისტების ინიციატივა.

მისივე თქმით, პოლიცია და სახელმწიფო აქტივისტებისა და სამღვდელოების მიმართ არათანაბრად იქცევა, რადგან მაშინ, როცა ისინი თავიანთ „ფაშისტურ აზრებს“ თავისუფლად ავრცელებენ, ლგბტ საზოგადოების აქტივისტებს „ბრიგადები კუდში დასდევენ“.

„7 პირის დაკავებაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა 3 პირი რუსთაველზე ე.წ. ზებრა გადასასვლელის შეღებვის გამო დააკავეს. მაშინ როცა ყველა კომპანია რეკლამას ასფალტზე აკეთებს და არცერთი დაუჭერიათ.  ეს ადამიანები კი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ გადასასვლელს ცისარტყელას ფერებში ღებავდნენ,“ – აღნიშნა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.