პროკურატურა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ციხეებში პატიმრების ცემა–წამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სს პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ. ჩამოთვლილია იმ პირთა ნაწილის, 16 ადამიანის, ვინაობა, ვისაც უკვე პატიმრობა მიესაჯა.
„პატიმრების ცოცხით წამების ეპიზოდზე“ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის, ოლეგ ფაცაციასა და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის, ბორის ფარულავას მიმართ 2013 წლის 14 ივნისს.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, ასევე რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პატიმართა წამების ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ კვირას, 14 აგვისტოს საღამოს გაზეთ „ქრონიკა +”-ის ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება ყველასთვის შესაძლებელი იყო. კადრები ასევე აიტვირთა YouTube-ზე.
როგორც გაზეთის მთავარი დერაქტორი ელისო კილაძე ამბობს, ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ 2012 წლის წინასაარჩნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი ე.წ. ცოცხის ეპიზოდი დადგმულია და მის მიერ გავრცელებული „სრული მასალა“ ამის მტკიცებულებაა.
ამ კადრების გავრცელებას გამოეხმაურა კამპანია „ეს შენ გეხება“, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად დაიბლოკოს კადრები, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება, თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე. კამპანია ასევე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.