manana_kobakhidze

„მე გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული… ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული…“ აცხადებს მანანა კობახიძე

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მის ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე, „ქართული ოცნებისლიდერები ეხმაურებიან და, მათ შორის, ზოგიერთი არანაკლები სკანდალური შეფასებითაც.

პირველი გამოხმაურება იყო პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.

„მე მქონდა საუბარი პრეზიდენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი… გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ყველას, მათ შორის უპირველესად პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, „პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე“ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდონ.

კვირიკაშვილმა თქვა ისიც, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას აქვს ადგილი, რაც მისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე მან საკონსტიტუციო თავმჯდომარე დაუკავშირდა და პროკურატურისთვის მასალების მიწოდება შესთავაზა, თუმცა მან ეს არ გააკეთა, რაც მისთვის გაუგებარია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კი პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ გაუჩნდა განცდა, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული.

„მხოლოდ ზოგადი განცხადებები, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე. დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული… ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული… როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“-  აცხადებს კობახიძე „რუსთავი 2“-თან საუბარში.

არანაკლები მწვავე შეფასება გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც, რომელმაც პრეზიდენტის განცხადებას „ჭორაობა“ უწოდა.

„არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან – როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტს ურჩევს, მიმართოს პროკურატურას, თუ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა განხორციელდა. წულუკიანის თქმით, ძალოვან სტრუქტურებს სრული მზაობა აქვთ, მოისმინონ ინფორმაცია და გამოძიება დაიწყონ.

გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რამაც სამწუხაროდ არ გააოცა, რადგან მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში წნეხის „საშიში ტენდენციებია“ შექმნილი.