იუსტიციის სამინისტრომ “პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქცია ორშაბათს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც წინა კვირას პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ვენეციის კომისიამ, ეუთომ და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭომ ფაქტობრივად დაიწუნა და თქვა, რომ ეს არის „რეფორმა, რომელიც პროკურატურის სრულ დეპოლიტაზიციას ვერ უზრუნველყოფს“.
სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად იუსტიციის სამინისტრომ პროექტი გადაამუშავა, მაგრამ ძირითადი მოთხოვნები გათვალისწინებული კვლავ არ არის.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ გუშინ „მოამბეში“ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პროკურატურის რეფორმის წარმოდგენილ მოდელზე არის „მთლიანობაში პოზიტიური.“
„დასკვნა იწყება იმ სიტყვებით, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც დგას სწორ გზაზე. ახლა ამაზე მეტი რა შეიძლება ითქვას?“ განაცხადა ბარამიძემ.
გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, 15-კაციან საპროკურორო საბჭოში იქნებიან პროკურორები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე, აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან თითო ადამიანი, ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან და ერთი ისეთი დეპუტატი, რომელიც უმრავლესობაში არ შედის. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.
თეა წულუკიანის ინიციატივით, საპროკურორო საბჭოში სახალხო დამცველიც უნდა შესულიყო. თუმცა, უჩა ნანუაშვილმა უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ მისი ოფისი ამ უწყებაში ჩართვით ნეიტრალურობას ვერ შეინარჩუნებს.
გადამუშავებულ პროექტში ისევ სადავო საკითხად რჩება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი.
ოპოზიცია ითხოვს, მთავარი პროკურორის წარდგინება პრეზიდენტის პრეროგატივა იყოს. ამ უფლების მინიჭებას ითხოვს თავად პრეზიდენტიც. თუმცა, მმართველი გუნდი ამ შენიშვნას არ იღებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის ვალდებულებაა პროცესში ჩართვა და პრეზიდენტი მხარს უჭერს პროექტს, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამაში.
„დეპოლიტიზაცია ვერ მოხდება, თუკი მთავარი პროკურორის დასახელება, შემდეგ არჩევა და გადაყენება კვლავ იქნება ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სწორედ ამიტომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებდით იმ მოდელს, რაც არსებობდა სამთავრობო პროგრამაში,“ – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.
ზუსტად იგივე არგუმენტი აქვთ ოპოზიციის წარმომადგნელებსაც.
„არავითარი დეპოლიტიზება არ ხდება და პროკურატურა ისევ იქნება იარაღი მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში. ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ შეხმიანებასაც. თუ ისინი მზად იქნებიან, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტს, მაშინ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, რომ მიიღონ ნორმალური რეფორმა,“ – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, ნინო გოგუაძე.
პროკურატურის შესახებ კანონპროეტში ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.