DSC_1835

შსს ოკუპირებული ცინვალის გადამოწეულ საზღვართან მოქალაქეებს არ უშვებს (MFA)

მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა რუსეთის მიერ ოკუპიებული საზღვრის კიდევ უფრო მეტად გადმოწევა გააპროტესტეს, ბანერი ჩამოხსნეს და მის ადგილას ქართული დროშა დაამაგრეს, რასაც  ოფიციალური რუსეთის საყვედური და დროშის ჩამოხსნა მოჰყვა,  საქართველოს შსს-მ ამ ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეების მიახლოება აკრძალა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს, საზღვრის გადმოწევიდან ზუსტად ერთ კვირაში იქნა მიღებული.

საზღვრის გადმოწევა ქართლმა მხარემ  დიპლომატიურ დონეზე გააპროტესტა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არღვევს  შეთანხმებას.

ამის პარალელურად კი შსს-მ  გადმოწეულ საზღვართან შეზღუდვები დააწესა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ენუქიძემ განაცხადა, ეს შეზღუდვა ჟურნალისტებსაც ეხება. შეზღუდვის მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციის თავიდან აცილებას ასახელებს.

“საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს. ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება არ იყო მიზნობრივად გამართლებული, რადგან ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, მეორე მხრიდან პროვოკაცია გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს,“ – განაცხადა შალვა ენუქიძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი DfWatch-თან საუბრისას განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა რომ გამოვრიცხოთ,  იურიდიული თვალსაზრისით ეს შეზღუდვა უკანონოა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის, გადაადგილებისა და ინფორმაციის მოპოვება-გავრცელების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი და დაცული უნდა იყოს კონსტიტუციური პროცედურები. ანუ, იმ ტერიტორიაზე გამოცხადებული უნდა იყოს და მოქმედებდეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და გამოცემული იყოს პრეზიდენტის დეკრეტი აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც ასევე  პარლამენტის დამტკიცება სჭიდება.

„ეს ყველაფერი კონსტიტუციით არის გარანტირებული და  შსს-ს ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის მიღებული.  ამიტომ ეს ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ იქნება გამართლებული,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი.