„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია – 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ.
„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ.
ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას თქმით, მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღეს, როდესაც გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდებოდა.
„ვიცი, რომ მათ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ,“ – დასძენს მელია.
ნინო კალანდაძე კი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შეუძლებელია პარტიიდან გასულ ნაწილს ოფისსა და სახელზე პრეტენზია ჰქონდეთ.
„სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ,“ – აღნიშნავს კალანდაძე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.