maxresdefault

„რუსთავისა“ და „ბანის“ კონცერტმა ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა.

რუსული ტურნეს ფარგლებში ქართული ანსამბლების, „რუსთავისა“ და „ბანის“, კონცერტებმა 25-27 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა, თუმცა დაცვის განსაკუთრებული ზომების პირობებში.

დაცვის ზომების გამკაცრება კი იმის გამო გახდა საჭირო, რომ სამხრეთ ოსეთში ამ გასტროლებმა დიდი პროტესტი გამოიწვია, ცხინვალელები ღონისძიების ჩაშლითაც იმუქრებოდნენ.

პარასკევს, 25 მარტს „რუსთავის“ კონცერტის დაწყების წინ კი მცირე საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც 50-მდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი და სკანდირებდა „ირისტონ“.

სამხრეთ ოსების განსაკუთრებული პროტესტი სწორედ „რუსთავის“ მიმართ იყო.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის „სახალხო პარტია“, სპეციალური წერილში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მიმართ სწორედ ამას აღნიშნავდა, რომ ანსამბლმა „რუსთავმა“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისის ცენტრში გამართა კონცერტი „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ აგრესიის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, პარტია აპროტესტებდა იმას, რომ ანსამბლი „ოდითგანვე ოსურ ცეკვებს „სიმდსა“ და „ხონგას“  ქართულ ნაციონალურ ცეკვებად ასაღებს.“

ამ თემას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა და ხალხს „გამძლეობისკენ და ემოციების შეკავებისკენ“ მოუწოდა.

ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტანისლავ კასაევმა, სამხრეთ ოსეთიდან წამოსული რეკომენდაციის ავტორებს მოუწოდა „შეეშვან პოლიტიკანობას“ და არ ჩაერიონ ჩრდილოეთ ოსეთის საქმეებში.

საბოლოოდ კონცერტები გაიმართა სრული ანშლაგით.  უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზი 1000 სტუმარს იტევს.  ბილეთის ფასი 1600 რუბლს, დაახლოებით 24 დოლარს, შეადგენდა. რაიმე პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად კი უნივერსიტეტის შენობის გარეთ და შენობის შიგნით დაცვა იყო გაძლიერებული.

ანსამბლები „რუსთავი“ და „ბანი“ ტურნეს მთელი რუსეთის მასშტაბით მართავენ. ამ ტურნეს ფარგლებში გაიმართა გამოსვლა ვლადიკავკაზშიც და კონცერტები ახლა სხვა რუსულ ქალაქებში გრძელდება.

„რუსთავის“ ადმინისტრატორი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ამბობს, რომ კონცერტმა მაღალ დონეზე ჩაიარა, ანშლაგით, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და აქციების შესახებ არაფერი  იცის.

მისი თქმით, ოსების ნაწილი აპროტესტებდა იმას, რომ ანსამბლმა 2008 წლის აგვისტოში რუსთაველზე კონცერტი გამართა, ეს კი სიმართლე არ არის. იქვე იმასაც დასძენს, რომ „პოლიტიკა და ხელოვნება სხვადასხვა რამეა, ისინი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს“.