davit_usupashvili

დავით უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია მომავალ არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე მსჯელობს (ipn)

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებს გასვლას რესპუბლიკური პარტია, იქნება ისევ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თუ კოალიციის გარეშე, სავარაუდოდ ამ კვირას გაჟღერდება, ზოგიერთი ცნობით – ოთხშაბათს. ამ თემის ირგვლივ საუბარი ორშაბათიდან გააქტიურდა, რასაც „რესპუბლიკელი“ ლიდერების ორაზროვანმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი.

კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ 26–27 მარტს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. გადაწყვეტილებაც მიღებულია, თუმცა რა გადაწყვეტილებაა, ჯერჯერობით პარტიის ლიდერები ამაზე არაფერს საუბრობენ.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არჩევნებამდე არც პარტია აპირებს კოალიციის დატოვებას და არც მისი წევრი სამი მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობების დატოვებას.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებს შორის „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლობა სიდიდით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჩამოუვარდება. მთავრობაში ის წარმოადგენილია თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებით, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრით. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, გარდა  პარლამენტის თავმჯდომარისა, „რესპუბლიკელია“ ორი – ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა – კომიტეტის თავმჯდომარეც.

იმაზე, რომ პარტიის ეროვნულ კომიტეტზე, რომელიც  35 წევრისაგან შედგება,  გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის ფორმატს უკავშირდებოდა, პარტიის ყველა ლიდერი საუბრობს. თავიდან პარტიის წევრები იძახდნენ, რომ ოფიციალურ განცხადებას შუადღისას გააკეთებდნენ,  თუმცა შემდეგ განცხადების გაკეთება „რამდენიმე დღით“ გადადეს, მიზეზის დაუკონკრეტებლად.

„რესპუბლიკელები“ არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი,” – დაწერა დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის ამჟამინდელმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, თავის „ფეისბუქზე“.