პრეზიდენტის განცხადებას იმაზე, რომ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნების რეპეტიცია იყო და მას აქვს ეჭვი, რომ „მმართველ კოალიციაში არის გარკვეული „მოძველბიჭო დაჯგუფება“, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემა გადმოიფორმა“, მთავრობის წევრების საპასუხო განცხადებები მოჰყვა იმაზე, რომ არც ერთი „ძველი ბიჭი“ მათთან არ მუშაობს.
„სამი წელი და რვა თვეა, უკვე, მთავრობაში ვარ და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც ერთი „ძველი ბიჭი“ მთავრობაში არ მუშაობს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
„მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მაქვს, არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას,“ – პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს ეკონიმიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძე კი გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ბრალდება წარედგინა და დანარჩენზე უკვე სასამართლო იზრუნებს.
„მე ვარ პოლიციელი და პრეზიდენტის წინადადებებზე, მის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
აღსანიშნავია ის, რომ ოთხშაბათს, 1 ივნისს აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კორცხელის ინციდენტის თემაზე დასმული შეკითხვის კომენტარისას განაცხადა, რომ ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია იყო და ამის მიმართ ხელისუფლებისაგან უნდა ყოფილიყო პრინციპული, სამაგალითო პასუხი, რაც არ ჩანს.
პრეზიდენტს უჩნდება ეჭვი, რომ „მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს“.
„ეს არის თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმატებით გადმოიბარა ზონდერული პოლიტიკა და ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით 4 წლის წინ,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამ ძალადობის გამო გაუშვა ხელისუფლებიდან.
ცნობისათვის, ოთხშაბათს გვიან ღამით კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, შსს-მ ბრალი ხულიგნობის მუხლით წარუდგინა, რაც პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუმცა ხუთშაბათს პრიკურატურამ ამ პირების მიმართ სასამართლოსგან აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.