DSC_0140-copy

გამოცდები მარნეულში, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქში. (DF Watch.)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მთელი რიგ წინააღმდეგობებს აწყდებიან, რაც მათ ინტეგრაციას აფერხებს.

პრობლემებს შორისაა ინფორმაციასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი, სახელმწიფო ენის არცოდნა, პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი და დისკრიმინაცია საჯარო მოხელეების მიერ.

კვლევა აჯამებს და აფასებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებას. ანგარიში დეტალურად განიხილავს საქართველოს კანონმდებლობას უმცირესობების დაცვის კუთხით.

მართალია უმცირესობათა უფლებების დაცვას კონსტიტუცია და რამდენიმე კანონი არეგულირებს, თუმცა კვლევის მიხედვით, კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს. მეორეს მხრივ, უკვე არსებული კანონმდებლობის აღსრულება ქვეყანაში პრობლემატურია.

მაგალითისთვის, კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ ახლახან მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ასევე მთელ რიგ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური კუთვნილების გამო. ამ კანონებმა ვერ მოახდინა რელიგიური კონფლიქტების პრევენცია 2012-2013 წლებში ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ჭელაში.

ამ კონფლიქტების უმეტესობა მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლას ეხებოდა. ჭელას შემთხვევაში კი მუსლიმებს არ აძლევდნენ უფლებას, რომ მეჩეთზე მინარეთი დაემონტაჟებინათ სოფელში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია. კონფლიქტი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოგვარდა.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მუსლიმების წინააღმდეგ მუქარის, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლის, დევნისა და ხულიგნობის არც ერთ ფაქტს არ მოჰყვა შედეგად უფლებადამრღვევთა დასჯა.

„სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა შევიწროებამ პერიოდული ხასიათი შეიძინა,“ წერია კვლევაში.

მრავალია პრობლემა აღწერილი განათლების კუთხით, კერძოდ უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ. სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით დიდი ხანია პრობლემად რჩება არა მხოლოდ უმცირესობებისთვის, არამედ ეს ზოგადი პრობლემაა და უკანასკნელი, 2006 წლის მონაცემების მიხედვით,  სკოლამდელ განათლებას ბავშვების მხოლოდ 55 პროცენტი იღებს.

2009 წელს საქართველოში 234 არაქართულენოვანი სკოლა და 170 არაქართულეონოვანი სექტორი (ჯამში 404) არსებობდა, მათ შორის აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ, ოსურ და სხვა ენებზე. 2011 წელს 2016 არაქართულენოვანი სკოლა და 89 არაქართულენოვანი სექტორი იყო. რაოდენობა შემცირდა და ეს ტენდენცია გაგრძელდა 2013 წელსაც.

შემცირებულ სკოლებსა და სექტორებს შორის უმეტესად რუსულენოვანი სკოლები და სექტორები დაიხურა, რამაც რუსულ ენაზე მოსაუბრე ბავშვებს განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა შეუქმნა რამდენიმე რეგიონში.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევაშია აღწერილი, არის ის, რომ ქართული ენის სწავლების ხარისხი არაქართულენოვან დაწესებულებებში არის დაბალი, ისევე, როგორც, სასწავლო წიგნების სხვა ენებზე თარგმნის ხარისხი. ამასთან, ძალიან ხშირად სასწავლო წიგნები შეიცავს დისკრიმინაციულ ტექსტებს. უმეტეს შემთხვევაში სასკოლო წიგნები არ ასახავს ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას და არ არის სტერეოტიპებისგან თავისუფალი.

მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, სერიოზული ხარვეზები ჯერ კიდევ რჩება. ავტორებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საგანამანათლებლო რეფორმების დაგეგმვა და განხორციელება, რათა გატარებულმა პოლიტიკამ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს  ხელი რეალურად შეუწყოს.

პრობლემებია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, უმცირესობების წარმომადგენლები ვერ იღებენ საკმარის ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მათთვის გასაგებ ენაზე. არსებობდა რამდენიმე ეროვნული და ადგილობრივი არხი, რომელიც უზრუნველყოფდა ამბების გადაცემას სხვადასხვა ენაზე, მაგრამ მათი რეიტინგი გავრცელების  შეზღუდული არეალისა და მაუწყებლობის დაბალი ხარისხის გამო მინიმალური იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ხალხი მაინც ვერ იღებდა საკმარის ინფორმაციას, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს: ისინი ჩაკეტილნი იყვნენ ვიწრო არეალში და არ ინტერესდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით; ამავე დროს, ეროვნულ უმცირესობებში ზოგადად ცენტრალური მედიასაშუალებებისადმი ნაკლები იყო ნდობა, რადგან, ადგილობრივების შეფასებით, რეგიონული ამბები მხოლოდ ნეგატიურ და არაობიექტურ კონტექსტში ვრცელდებოდა.

ხშირად მომზადებულ მასალები შეიცავს და ჟურანლისტები ხშირად იყენებენ დისკრიმინაციულ ფრაზებს და ტერმინოლოგიას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა მედიასაშუალებებში, როგორიცაა ბეჭდური და ონლაინ მედია. ბეჭდურ მედიაში უფრო მოჭარბებულია ქსენოფობიური, დამამცირებელი განცხადებები, რაც ხელს უწყობს სტერეოტიპების გავრცელებას უმცირესობების მიმართ.

კვლევას ხუთი ძირითადი მიმართულება აქვს, როგორ უნდა დაიხვეწოს მედია ხელმისაწვდომობის მიმართულებით: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეროვნული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამაუწყებლო პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების გაშუქებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა და მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კვლევა მოკლედ აღწერს ქვეყანაში მარგინალიზებული ჯგუფების პრობლემებს. ესენი არიან ბოშები, დაახლოებით 1,500 ადამიანი, მოხეტიალე ქურთულენოვანი მოსახლეობა – დაახლოებით 700 ადამიანი, მოლდოველები – დაახლოებით 1,200 ადამიანი და დომები, ბოშათა თემის ერთ-ერთი განშტოება, თუმცა გააჩნიათ დამოუკიდებელი ეთნიკური იდენტობა – დაახლოებით 500 ადამიანი.

როგორც DF Watch წინა წლებში წერდა, ბოშათა ოჯახებს, უმეტესად ბავშვებს, პრობლემები ექმნებათ დაბადების მოწმობების და სხვა დოკუმენტების მიღების კუთხით, თუმცა მთავრობამ დაიწყო მათი პრობლემების მოგვარება. https://dfwatch.net/hard-luck-if-you-are-a-roma-in-tbilisi-82066

რაც შეეხება სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათი პრობლემები ჯერ კიდევ უყურადღებოდ რჩება.

პრობლემაა უმცირესობების აქტიურ პოლიტიკაში ჩართულობაც, რაც უმეტესწილად პარტიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. „ქართულ ოცნებას“ ცხრა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ჰყავდა საარჩევნო სიაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პირველი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 39-ე ადგილზე იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეთნიკური უმცირესობის 12  წარმომადგენელი ჰყავდა სიაში, პირველი – 35-ე ადგილზე.

დღევანდელ პარლამენტში ეთნიკური უმცირესობის  რვა წარმომადგენელია. წინა პარლამენტშიც იყო რვა, ხოლო 2004-2008 წლებში – 12 და 1998-2004 წლებში – 16.

DF Watch-მა ცოტა ხნის წინ გამართა დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის უმცირესობების პოლიტიკასა და კერძოდ, საარჩევნო პროცესში ჩართვის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ, ქართულ ენაზე იხილოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=AbUudqlcbGM

ანგარიში ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.smr.gov.ge/docs/doc309.pdf