ცხინვალის რეჟიმის მეთაური ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რომ „სამხრეთ ოსეთს საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს“. მისი თქმით, „საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია, სანამ ისინი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს არ მოიხდიან”.
ეს განცხადება ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 26 დეკემბერს გააკეთა. ის ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.
თქვა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად კედლის აგებას არ აპირებს, თუმცა „საქართველოსთან საზღვრის გამაგრება გაგრძელდება“.
ამ კონტექსტში ბიბილოვი დე ფაქტო საზღვართან საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ეთობაშიას“ აქტივობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა:
„ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე სიარულს მოუხშირა. ამასთან, საქართველოს მოქალაქეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, სხვადასხვა სახის პროვოკაციულ აქციებს აწყობენ. ჩვენი რესპუბლიკა მეზობლის მხრიდან მუდმივად სიურპრიზების მოლოდინში ცხოვრობს, ვინაიდან არ ვიცით, რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
ამასთან ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით, თუმცა ნაბიჯები იდგმება რუსეთთან უსაფრთხოების „ერთიანი კონტურის შესაქმნელად“.
„გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე მხრივ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, სადაც ნათლად არის გაწერილი, რომ რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება. უსაფრთხოების ერთიან კონტურს ვქმნით. საქართველოში არც ერთ “ქორს” გამბედაობა არ ეყოფა, ხელყონ ჩვენი მტკიცე განწყობა დავიცვათ სახელმწიფო საზღვრები“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიმართ იმის გამო, რომ სტრასბურგმა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სარჩელები განსახილველად არ მიიღო. ბიბილოვმა ევროპელ მოსამართლეებს მოუწოდა „გაემიჯნონ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს“ და ისინი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა, რათა „ადგილზე გაეცნონ იმას, რეალურად რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში“.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი დაუშვებლად, ერთი კი – ნაწილობრივ დაუშვებლად სცნო და მიზეზად დასახელდა ის, რომ მოსარჩელეებმა საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.
ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ასევე ისაუბრა „საქართველოს და რუსეთს შორის სატრანზიტო გზის შესაძლებლობაზეც“ და თქვა, რომ ცხინვალის გავლით ტრანზიტის გახსნას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შესაბამისი შეთანხმება „სამხრეთ ოსეთთან,, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, გაფორმდება”, ყველა სხვა ვარიანტი კი გამორიცხა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.