წინასაახალწლოდ სოხუმის რეჟიმმა შემოიღო ცვლილება, რის მიხედვითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე „აფხაზური პასპორტების“, ბინადრობის ნებართვებისა თუ აფხაზეთში ცხოვრებაზე უფლების გაცემას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ განაცხადა, ცვლილება შევიდა ორ „კანონში“ – ერთი ეხება „უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივ უფლებებს“ და მეორე „აფხაზეთში შესვლის და გამოსვლის წესებს“.
შამბა ამბობს, რომ ახალი ცვლილებით პასპორტების გაცემა, ბინადრობის ნებართვებისა და ცხოვრების უფლების მიღება იქნება დე ფაქტო შსს-ზე დაქვემდებარებულ მიგრაციის სამსახურის კომპეტენციაში და „სამინისტროს“ კონტროლის უფლება შეუნარჩუნდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე, რა დროისთვისაც იმედოვნებს, რომ „აფხაზური პასპორტების“ გაცემა დასრულდება და ბინადრობის ნებართვების საკითხიც მოწესრიგდება.
მანამდე საუბარი იყო, რომ „პასპორტების“ გაცემისა და ბინადრობის საკითხები შსს-ს კომეტენციაში უნდა ყოფილიყო 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, თუმცა დოკუმენტების გაცემა ვერ დასრულდა და ამიტომაც სამინისტროს ამ საკითხის კონტროლის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ახალი „აფხაზური პასპორტების“ დარიგება 2018 წლის იანვრიდან დაწყო, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძველი „პასპორტები“ ძალადაკარგულად ჩაითვლება.
დიმიტრი შამბამ უკვე გაცემული ახალი „აფხაზური პასპორტების“ სტატისტიკაც მოიყვანა. დე ფაქტო შს სამინისტროს მონაცემებით, „პასპორტების“ გაცემაზე 117 800 განაცხადი მიიღეს, გაცემულია 94 686 „პასპორტი“, ასევე უკვე გაცემულია ნებართვა 7 834 მოქალაქისთვის „პასპორტის“ გაცემაზეც, განხილვაზე გატანილია 12 980 პასპორტის საკითხი.
მონაცემები არ არის ბინადრობის მოწმობაზე რამდენი განაცხადი შევიდა და მათგან რამდენი დაკმაყოფილდა. არადა, სოხუმის რეჟიმმა გალში მცხოვრებ ქართული მოსახლეობისათვის „აფხაზური პასპორტების“ გაცემა აკრძალა, მიზეზად დაასახელა ის, რომ ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობა აქვს და აფხაზური ე.წ. კანონით ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ რუსეთთან არის დაშვებული. ამიტომაც, გალელებისთვის მნიშვნელოვანია ბინადრობის ნებართვის შესახებ დოკუმენტი მიიღონ, რომ გალში, საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება ჰქონდეთ და ასევე რაღაც აფხაზურ დოკუმენტის ქონის გარეშე ენგურის ხიდზე მიმოსვლასაც ვერ შეძლებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის თანახმად, აფხაზეთში 2016 წლის მონაცემებით 243 564 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტია აფხაზი – 124 455, ეთნიკური რიცხოვნობით მეორე ადგილზე არიან ქართველები – 46 773, შემდეგ მოდიან სომხები – 41 875, რუსები – 22 320, ბერძნები – 1351, სხვა ეთნიკური ჯგუფები – 1 761.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.