ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნიდან წელიწადისა და სამი თვის თავზე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ. წინა 3-ზე პირველი ინსტანცია მოვიგე – სასამართლომ თქვა, რომ არაა საკმარისი მტკიცებულებები, ბრალეულობები არ ჩანს და 3 ტომისგან შემდგარი საქმე უკან დაუბრუნა პროკურატურას ხარვეზების გამოსასწორებლად. ესაა დევნა, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის, რომელიც მიუხედავად არაერთგზის მუქარისა და გაფრთხილებისა, ვსაუბრობ ჩვენი, აქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევებზე. გთხოვთ, გააზიაროთ. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა,“ – წერს მეარაყიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
საგულისხმოა ის, რომ თამარ მეარაყიშვილის დევნა ცხინვალის რეჟიმმა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე 2017 წლის აგვისტოში აღძრა მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამების მუხლით. შემდეგ კი ამ ბრალდებას დაემატა კიდევ ორი საქმე – ე.წ. ოსური მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად და ასევე აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება.
2017 წლის აგვისტოდან მეარაყიშვილს ყველა საბუთი ჩამორთმეული აქვს და ახალგორიდან თბილისში ჩასვლა არ შეუძლია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.