(droa.ge)

ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ეს, პირველ რიგში, გალელებს შეეხება. „თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება,” აცხადებს დეპარტამენტის უფროსი.

„არის ათიათასობით ოჯახი, რომელიც რიგში დგას, აქედან ძალიან ბევრი ავარიულ ფართში ცხოვრობს. შესაბამისად, ამ კატეგორიაში გალში მცხოვრები დევნილები ვერ მოხვდებიან,” უთხრა აბლოთიამ DFWatch -ს.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართის განაწილებისას პრიორიტეტია ფაქტობრივი ცხოვრება ავარიულ ობიექტებში.

„ზუგდიდში განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა, ვინაიდან 1998 წელს ძირითადი კონტიგენტი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოვიდა, დროებით სხვადასხვა დაწესებულებებში სწორედ ზუგდიდში შესახლდა. შემდეგ ბევრი ისევ გადავიდა გალში, ამიტომ არის ზუგდიდში მაგალითად ობიექტი, სადაც პირობითად შეიძლება იყოს 10 ოთახი და რეგისტრირებული იყოს 25. ბუნებრივია, რომ არ ცხოვრობს ამდენი ოჯახი. ამოსავალი წერტილია ფაქტობრივი ცხოვრება ავარიულ ობიექტებში“, უთხრა აბლოთიამ DFWatch-ს.

„ჩვენ ავარიულ ობიექტებს იმიტომ ვხურავთ, რომ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები ადამიანები არ დაზიანდნენ, საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლეს. შესაბამისად, ისინი ყოველგვარი ქულების გარეშე გავიყვანეთ დაკავებული ფართებიდან.

„ვინც იქ ფაქტობრივად არ ცხოვრობს, ბუნებრივია, ამ კატეგორიაში ვერ მოხვდება. ერთ დროს, ვიღაც სადღაც რომ იყო რეგისტრირებული, ის ახლა ამის გამო ბინას ვერ მიიღებს,” ამბობს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი.

რაც შეეხება კერძო სექტორში მიწერილ, ან ფაქტობრივად მცხოვრებ ადამიანებს, მისი თქმით, დევნილი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცედურა მოიცავს შემდეგს: პირველი – განაცხადის შევსება, მეორე – შეფასება, მესამე – მონიტორინგი, მეოთხე – საკომისიო განხილვა.

მურად აბლოთია.

„შევსება და შეფასება შეიძლება ამ ოჯახებთან განხორციელდეს, როცა ინდივიდუალურად მოვა ვიღაცა, შეავსებს განაცხადს. შეფასება ხდება ელექტრონულად, მერე კი მონიტორინგი მიდის. თუ მონიტორინგს ფიზიკურად არ დახვდება ადამიანი, მან შეუძლებელია ბინა მიიღოს, რადგან ბინის განაწილების პროცესში ერთი კომპონენტი იქნება ამოვარდნილი. ამის გარეშე კომისიას უფლება არ აქვს საკითხი განიხილოს.

„თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება. ის, ვინც გალში ცხოვრობს, თავის სახლში, ისინი ბუნებრივია ამ პროგრამაში ასე ვერ მოხვდებიან, თუმცა ძალიან ბევრი, ვინც თუნდაც სეზონურად გადადის გალში, ასეთი ყველა ხვდება. ჩვენ ბინას ვაძლევთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, თუ ადამიანი აქ არ ცხოვრობს, ბინის საჭიროება აქვს თუ არა, როგორ უნდა დავადგინოთ?!“ – ამბობს მურად აბლოთია.

DFWatch-ი დაინტერესდა რა ბედი ელის იმ დევნილებს, რომელბიც გალში გაჩერებას ვერ ახერხებენ და იძულებულები ხდებიან დატოვონ ტერიტორია. აბლოთიას თქმით, ისინიც სხვა დევნილების მსგავსად ავსებენ განაცხადს და დგებიან ბინის რიგში, იმ განსხვავებით, რომ სამინისტრო იღებს მათზე გარკვეული დროით მეურვეობის პასუხისმგებლობას.

„თუ ვერ ჩერდება გალში, როგორც სხვა ათასობით დევნილი, რომელიც გადმოსულია და ელოდება თავის რიგს, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი ნათესავთან, ისე უნდა დაელოდოს. ახლა მე გალში ვცხოვრობ, აქედან მივიღებ ბინას და მერე გადმოვალ, არ არის სწორი და არც პროგრამის მიზნებში არ ჯდება.

„დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პროგრამა არ გულისხობს იმას, რომ ყველა დევნილმა აუცილებლად უნდა მიიღოს ბინა, მიუხედავად იმისა, ამის საჭიროება აქვს თუ არა. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. რადგან ჩვენ დევნილი ვართ და მაქვს 10 ბინა და მაინც უნდა მომცეს სამინისტრომ, არასწორია.

„თუ გადმოვა დევნილი ოჯახი, უნდა შეავსოს განაცხადი, დადგეს რიგში და მიიღებს ბინას. რიგში დგომის პროცესში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქირით ვუზრუნველვყოფთ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ დროებითი თავშესაფრები, სადაც ეს ოჯახები მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით შეიძლება გაჩერდნენ. მერე სოციალურად დაუცველის სტატუსი ენიჭებათ, იმიტომ რომ, ბუნებრივია, არ ექნებათ შემოსავალი. სტატუსის მინიჭებისთანავე ჯდება ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში, დგება ბინის რიგში და იღებს ბინას, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ვუზრუნველყოფთ ბავშვების სკოლაში გაშვებას თუ სკოლის მოსწავლე ჰყავს და დასაქმებაც თუ შესაძლებელია, ვეხმარებით“, – ამბობს დეპარტამენტის უფროსი.