ცხინვალის რეჟიმი ახალგორელი ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვებს აწესებს და ადამიანების შემდეგ უკვე შინაურ ცხოველებისთვის, ცხვრებისა და ძროხებისთვის კეტავს ე.წ. საზღვარს.
საუბარია იმაზე, რომ დე ფაქტო ხელისუფლება წინააღმდეგია აადგილობრივებმა დუშეთსა და საქართველოს სხვა ზამთრის საძოვრებზე გამოსაზამთრებლად გაყვანილი ცხვარი და საქონელი ზაფხულში ახალგორის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მიზეზად სახელდება ის, რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის არაერთი დაავადებაა გავრცელებული და ამ დაავადებების გადატანის თავიდან აცილების მიზნით პირუტყვისთვის ე.წ. საზღვარი უნდა ჩაიკეტოს.
როგორც DFWatch-თან საუბრისას ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, მესაქონლეობით ახალგორში თავს ათობით ოჯახი ირჩენს და დე ფაქტო ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან ბევრი ქართული ოჯახი იძულებული იქნება საკუთარი სახლები დატოვოს, ეს კი კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგორის ქართველი მოსახლეობისაგან დასაცლელად.
„აქ სოფლებში ხალხი ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს, ზოგ ოჯახს ფერმა ჰყავს, ზოგი ოჯახიდან მწველავად, მწყემსად, ან საქონლის მომვლელად მუშაობენ და მათ ყველას პრობლემები ექმნებათ. იძულებულები იქნებიან გამოკეტონ სახლები და ასე დაიცლება სოფლები,“ – ამბობს მეარაყიშვილი.
ცნობისათვის, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ორი დღის წინ გასვლითი სხდომა ჰქონდა ახალგორში და ადგილობრივებს შეხვედრისას ორი უმთავრესი პრობლემის გადაჭრა სთხოვა. ერთი ეხებოდა ოსური პასპორტების ისევ გაცემას, რისი დაპირებაც ბიბილოვმა არჩევნების წინ თავად გასცა, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ შეწყდა. ე.წ. ოსური პასპორტები ადგილობრივებს თბილისში უპრობლემოდ სასიარულოდ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი პრობლემებს შექმნის გარეშე ცხოვრებისთვის სჭირდებათ. თუმცა ბიბილოვმა ამ შეკითხვაზე ქართველებს მოკლედ მოუჭრა, რომ ამას “ტყუილად ნუ დაელოდებიან”.
ანალოგიურად მკვახე იყო ბიბილოვის პასუხი ახალგორელთა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სატკივარზე, რომელიც ბევრი მათგანისთვის ერთადერთ საარსებო წყაროს უკავშირდება. დე ფაქტო პრეზიდენტს ჰკითხეს, დართავდა თუ არა “ოსური ხელისუფლება” ნებას, გამოსაზამთრებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადარეკილი საქონელი ახალგორის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე გადმოერეკათ.
ბიბილოვმა ადგილობრივებს ულტიმატუმი წაუყენა. ვისაც ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლის ყოლა სურს, პირუტყვი ზამთარ-ზაფხულს ახალგორში უნდა ჰყავდეს, “საქართველოდან” კი პირუტყვს არ შემოუშვებენ.
ახლა ფერმერები ლამის ტირილით საუბრობენ, რომ ფაქტობრივად ოჯახებთან ერთად აყრას აიძულებენ, რადგან მათთვის საქონელი საარსებო წყაროა, აქ კი მას მკაცრი კლიმატური პირობების გამო უბრალოდ ვერ გამოაზამთრებინებენ. გარდა ამისა, ფერმერებმა არც ის იციან, სად უნდა დააბინავონ საქონელი.
„ახალგორელი ფერმერები ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ჩათვლით საქართველოს კონტრილირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა რაიონებში იმყოფებიან ზამთრის საძოვრებზე, ხოლო აპრილიდან ახალგორში ბრუნდებიან. როდესაც აქ საბაჟო პუნქტი გახსნეს დეკემბრის ბოლოს, დოკუმენტში ჩაიწერა, რომ რძის პროდუქტის, ხორცის, ქათმისა და ცოცხალი პირუტყვის შემოტანა იკრძალებიდა. ეს თვეებია ამ პრობლემაზე საქართველოს ხელისუფლება რეაგირება არ მოუხდენია და არც იმაზე უზრუნია, რომ ახალგორელი ფერმერებისთვის ალტერნატიული საზაფხულო საძოვრები გამოენახა,“- ამბობს მეარაყიშვილი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფერმერებისთვის ალტერნატიულ გზებს გამონახავს. ხოლო ის მიზეზი, თითქოს საქართველოში საქონლის სხვადასხვა დაავადებებია გავრცელებული, ეს სრული აბსურდია.
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე მესაქონლეობას 25-მდე ადგილობრივი ქართველი ფერმერი ეწევა. მთლიანობაში კი, ახალგორიდან გამოსაზამთრებლად, დაახლოებით, 8 000-მდე ცხვარი და 1 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია გამოყვანილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.