ოსურ მედიაში გამოქვეყნდა ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება, სადაც საუბარია იმაზე, რომ სპეცსამსახურებმა ახალგორის მოსახლეობა, „რესპუბლიკის“ მიმართ სანდოობის მიხედვით ხუთ ჯგუფად დაჰყვეს. მიხაილ შაბანოვის აზრით, არასანდო ქართველებზე დაკვირვება უნდა მოხდეს და ისინი სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა ჩამოაშორონ.
შაბანოვი ამტკიცებს, რომ ოფიციალური თბილისი მიზნად ისახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის შერყევას და ამისთვის ახალგორში მცხოვრებ ქართველებს იყენებს. კერძოდ, ქართული მხარე მდუმარედ ხელს უწყობს ახალგორის რაიონის ქართულ მოსახლეობის სურვილს ოსურ ე.წ. ოფიციალურ საბუთებთან ერთად ასევე შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობაც.
„ახალგორის რაიონის ქართული მოსახლეობის რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განიხილება შესაძლებლობად, სამომავლოდ ზეგავლენა მოახდინოს სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე,” – განაცხადა შაბანოვმა ახალგორის რაიონში გამართულ გასვლით თათბირზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა.
ხუთიდან პირველ და ყველაზე „სანდო“ კატეგორიაში შედიან ადგილობრივები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობენ რაიონში. ძირითადად ამ ჯგუფს განეკუთვნება ოსური სოფლების მოსახლეობა, მათ შორის წინაგარი და ორჭოსანი.
მეორე კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ „ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეობა და უძრავი ქონება აქვთ დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს, აქვთ საშვები მიმოსვლისთვის. ძირითადად აქ შედის იკოთას, მოსაბრუნისა და ახალგორის დასახლება. როგორც შაბანოვმა აღნიშნა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები, ხელფასს იღებენ „საზღვრის“ ორივე მხარეს და ერთგვარად მოსაბაძნი არიან სხვა ჯგუფებისთვის.
მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიაში შედიან ისინი, რომელთაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის ტერიტორიაზე და „საზღვრის” ორივე მხარეს გააჩნიათ უძრავი ქონება. მათ აქვთ საშვები მიმოსვლისათვის. როგორც შაბანოვი ამბობს, ეს ხალხი სახელისუფლებო ორგანოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხა თანამდებობებს იკავებს.
მეოთხე კატეგორიაში შედიან ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში, თუმცა ახალგორში უძრავ ქონებას ფლობენ და რეგულარულად ჩადიან საშვების მეშვეობით.
ყველაზე “არასანდო” მეხუთე კატეგორიას ახალგორში უძრავი ქონება გააჩნია, მაგრამ საბუთების არქონის გამო სტუმრადაც კი ვერ ჩადის.
როგორც „ეხოკავკაზა“ წერს, ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ამ საკითხებში წესრიგია დასამყარებელი და უპირველესად – ხელმძღვანელთა დონეზე” და სწორედ ამ თათბირის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განუცხადა ბიბილოვმა ადგილობრივებს, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას” ისინი, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ვეღარ მიიღებდნენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.