ე.წ. საბჭოთა წითელი პასპორტები, რომლითაც გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდა, სოხუმის რეჟიმმა ძალადაკარგულად გამოაცხადა, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს.
„მეზობელს დედა გარდაეცვალა, რომელიც ავადმყოფობის გამო ზუგდიდში იყო გადაყვანილი. შვილი გალის რაიონში იყო, დღეს გადასვლა სცადა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა უარით გამოისტუმრეს და უთხრეს, რომ ამ საბუთით გადასვლას აწი ვერ შეძლებს. ვინც ენგურს გაღმა იყო გადასული და ამ საბუთის იმედი ჰქონდა, იქეთ დარჩა, ენგურს გამოღმა მყოფები კი ადგილზე ჩაიკეტნენ. არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვაზე“ გაქვს თუ არა განაცხადი შეტანილი, მაინც არავის უშვებენ“, – ამბობს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრები ბ.ც. და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსთვას“ გაცემაც შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. წითელი პასპორტი ერთ-ერთი საბუთი იყო, რომლითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა იყო შესაძლებელი. ამჟამად მოქმედ საბუთთაგან დარჩენილია ე.წ. აფხაზური მწვანე პასპორტი და ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელტვა“.
ადგილობრივების ცნობით, ახალი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალას ე.წ. მწვანე პასპორტიც დაკარგავს.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ე.წ. ვიზების გაცემაზე საბუთების მიღება განახლდა, გაცემა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.