„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში… დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ,“ – ცნობილი სოხუმელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სერგეი შამბა, რომელიც წლების წინ ჯერ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შედეგ ე.წ. პრემიერ-მინისტრი და ახლა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია, „ეხო მოსკვასთან“ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში“ ლიდერი იყო, თუმცა ამის მიუხედავად დიალოგზე საუბარიც პირველმა დაიწყო.
იხსენებს, რომ 90-იანებში საქართველოსთან მოლაპარაკებებზე ფედერაციასა და კონდფედერაციაზე იყო განხილვა, შეთანხმებაზე აფხაზები თანახმანიც იყვნენ, მაგრამ ქართული მხარე ყველაფერზე უარს ამბობდა, ახლა კი გვიანია.
„ეს იყო ტრაგედიის პერიოდი. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებას შევძლებდით. ომამდეც ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვა, მთავრდებოდა სიტყვებით: „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამოწვდილი ხელი ჰაერში არ დარჩება“. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ურთიერთობის რაიმე ფორმაზე შევთანხმდებოდით. შემდეგ მოლაპარაკებების პროცესშიც იყო ვარიანტები, როდესაც საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. შემდეგ პრიმაკოვის მონაწილეობით განვიხილავდით ვარიანტს, რომელსაც ეწოდებოდა „ერთობლივი სახელმწიფო“. ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, თუმცა ქართული მხარე ყველაფერზე უარს ამბობდა. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეიძლება საუბარი” – აღნიშნა შამბამ.
ამბობს, რომ საქართველო მტრად არ მიაჩნია და დროა დიალოგი დაიწყოს, ოღონდ იმ გაგებით, რომ „მეზობელი ერები ვართ“.
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ეს დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო. მე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა როგორმე დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან“, – განაცხადა შამბამ.
მისი აზრით, „აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ყველა საკითხის გადაჭრაა“.
„დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა“, – აღნიშნა შამბამ.
შამბა ასევე ამბობს, რომ პატარა აფხაზეთს მხოლოდ რუსეთი ეხმარება, საქართველოს კი – მთელი მსოფლიო, ამიტომაცაა, რომ აჭარაში კურორტები მეტადაა განვითარებული, ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა, ვიდრე – გაგრა, მიუხედვად იმისა, რომ ზღვა და ბუნება აფხაზეთში უფრო კარგია.
ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ პოლიტიკოსებში. „ქართულ ოცნების“ წევრებში შამბას განცხადება აღქმული გახდა როგორც სოხუმის რეჟიმის სურვილი, დიალოგი დაიწყოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, „შამბა ვერ იტყვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. არც დე ფაქტო ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია არ ისაუბრებენ ასეთი ენით და ტერმინებით, მაგრამ ფაქტია, არსებობს განწყობა, რომ ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია“ .
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კი განაცხადა, რომ დიალოგი აუცილებელია, ამის შესახებ მზაობა თბილისს არაერთხელ გამოუთქვამს და მზაობა არის ახლაც.
„დიალოგის შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზირების გარეშე, რისი გამოცდილებაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით“, – ამბობს ციხელაშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.