სოხუმის რეჟიმის დელეგაცია ფხენიანში (aiaaira.com)

ოკუპირებული აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს იწყებს. რამდენიმე დღის წინ ფხენიანში დელეგაციაც იყო ჩასული. „ისტორულ ვიზიტზე“ სასაუბროდ სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამილა მირცხულავამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ფხენიანი აფხაზეთს „სრულფასოვან, დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ განიხილავს და იმედიც მისცეს, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ შესაძლოა სამომავლოდ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებაც“ გამოიწვიოს.

როგორც თამილა მირცხულავა აცხადებს, მათი მიზანი „აფხაზეთის პრეზენტაცია იყო“, რადგანაც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში მათზე ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე მიზანი იყო საქმიან წრეებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება.

მირცხულავას განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატამ 2017 წლის დეკემბერში თავად პირველად გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, ამ კონტაქტის დასამყარებლად სოხუმში ოფიციალური წერილიც გამოგზავნა და უკვე 6 თვეა რაც ეს ვიზიტი მზადდებოდა. ხოლო წლის ბოლოს სოხუმს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის თავმჯდომარეც ეწვევა.

მისი თქმით, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი 14 აგვისტოს მოეწერა.

„ჩვენთვის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან სერიოზული გარღვევაა! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენ მოგვმართეს, როგორც სრულფასოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და გვესაუბრნენ აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარების შესახებ,“ –  განაცხადა მირცხულავამ.

როგორც მირცხულავა ამბობს, მისმა ჩრდილოკორეელმა კოლეგამ აფხაზეთის დელეგაციასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიზნესი უნდა იყოს აპოლიტიკური. თუმცა მან „ამავე დროს არ გამორიცხა, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ მომავალში გამოიწვიოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის აღიარებაც“.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 5 ქვეყანას: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას. მათ რიგებში იყო ვანუატუ და ტუვალუც, თუმცა მათ აღიარება უკან წაიღეს. სირიამ ოკუპირებული ტერიტორიები 29 მაისს აღიარა და ამის შემდეგ სოხუმსა და ცხინვალში უფრო აქტიურად დაიწყო განცხადებები, რომ აღიარების პოლიტიკა ისევ აქტიურად გაგრძელდება. ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საჯაროდ, კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან არის ურთიერთობები, არ გაცხადდება,  რადგან თბილისი შეცდება შეთანხმება ჩაშალოს დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, როგორც ეს ადრე არაერთხელ გაუკეთებია სამხრეთამერიკულ ქვეყნებთან.