manana_kobakhidzeპარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ორშაბათს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადების გასაჯაროვების გამო ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს იყო ჩვეულებრივი, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი. მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს,” –  ასე მიმართა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადების გავრცელების მეორე დღეს, სამშაბათს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და საკუთარი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ორშაბათს, 25 ივლისს გაკეთებული განცხადების შეფასებისას, მანანა კობახიძემ თქვა, რომ მისი შთაბეჭდილებით, გიორგი მარგველაშვილს ბრიფინგზე ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული და მისთვის გაუგებარ რაღაცეებს საუბრობდა. მისი ეს განცხადება „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სადაც კადრში კობახიძე კითხულობს, იწერება თუ არა მისი განცხადება და ოპერატორისგან დადებით პასუხს იღებს კიდეც.

თანაც, შემდეგ კობახიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დებს ამ ვიდეოკადრს მინაწერით, რომ ეს იყო ეთერს მიღმა, მისი სრულიად გულწრფელი კომენტარი. სამშაბათს, მეორე დღეს კი, ჟურნალისტებს ადანაშაულებს ეთიკის დარღვევაში.