მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთიდან დნესტრისპირეთში გაგზავნილი დელეგატები ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა.

დელეგატთა შორის იყვნენ გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი რუსლან ლადარია და დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში გარი კუპალბა, რომლებიც დნესტრისპირეთში ქალაქ დუბოსარის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიდიოდნენ.

როგორც გუდაუთის რაიონის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია ამბობს, მოლდოვაში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრეს და მიზეზები მათთვის უცნობია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოლდოვა სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებს ქვეყანაში არ უშვებს. მსგავსი უარი წინა წლებშიც დაფიქსირდა. მაშინ სოხუმი და ცხინვალი გადაადგილების შეზღუდვას თბილისის დირექტივებს უკავშირებდნენ.