davit_darchiashvili„მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? მე, ალბათ, გავალ პარტიიდანაც“, – დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ლიდერად ისევ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარჩება. ის თანამოაზრეებსაც იგივეს ურჩევს.  

დარჩიაშვილი თავის გადაწყვეტილებაზე  „ფეისბუქში“  წერს, სადაც აღნიშნავს, რომ სანამ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ეს ინტრიგებსა და დაპირისპირებებს უწყობს ხელს, მისი ამ პოზიციის გამო კი  მოღალატესა და სიტყვის გამტეხს უწოდებენ.

„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო…“ – ასე იწყებს შიდა დაპირისპირებასა და საკუთარ  გადაწყვეტილებაზე წერას დეპუტატი, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ ყრილობის დელეგატის მანდატს არ აიღებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია? კი, მიშა და „ნაციონალური მოძრაობა” ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათთქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, „დამიპადიეზდოთ”, –  წერს დარჩიაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არჩევნების შემდეგ დაიწყო. სააკაშვილმა ოდესიდან პოლიტსაბჭოს მოუწოდა, რომ არც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიეღოთ მონაწილეობა და არც პარლამენტში შესულიყვნენ. ამას პოლიტსაბჭოს უმრავლესობა არ დაეთანხმა. უმეტესად ისინი, რომლებმაც პირველ ტურში პარლამენტის მანდატები მიიღეს. შემდეგ ციხიდან თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გამოაგზავნა წერილი, სადაც პარტიას ყრილობის ჩატარება და ახალი თავმჯდომარის არჩევა შესთავაზა. პარტიაში ორ ფრთას შორის ურთიერთობა სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა.

არჩევანი ორ წესს შორის უნდა გაკეთებულიყო. ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფრთად მიიჩნევა, აცხადებდა, რომ ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 7000-მდე დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახალი თავმჯდომარის არჩევა და ამით მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება კი მიუღებელია.

მეორე ნაწილი, რომელსაც პირობითად გიგა ბოკერიას ფრთას უწოდებენ,  კი მიიჩნევდა, რომ ყრილობაში ხმის უფლების მქონე 2000-ზე ცოტა მეტი დელეგატის მოწვევა საკმარისია და დღის წესრიგში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევაც აუცილებლად უნდა შევიდეს.

30 ნოემბერს ყრილობის წესზე შესათანხმებლად პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა. 60-კაციან პოლიტსაბჭოს შეკრებაზე მონაწილეობა 50 წევრმა მიიღო და 25-24-ის წინააღმდეგ (1-მა ტავი შეიკავა) პირველი ვარიანტი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიმარჯვეს სააკაშვილის მომხრეებმა.