სოხუმის რეჟიმმა ენურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღადგინა, ზუგდიდიდან გალში გადამსვლელებს კი ადგილზე რენტგენს უღებენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა უთხრა, „საზღვარი“ პარასკევს დილით გადმოკვეთა და ამისთვის ორ საათამდე დასჭირდა.

„ჩემზე წინ ერთი ადამიანი იყო რიგში, საათნახევარი მომიწია ლოდინი. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, რენტგენი გადამიღეს. ორი მანქანა დგას სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი, ერთ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუ ორგანიზმში რამე აღმოჩნდა, სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავს. ჯგუფი სოხუმიდან არის ჩამოყვანილი. ზუგდიდში მხოლოდ იმ ხალხს უშვებენ, ვინც შესაბამის სამედიცინო ცნობებს წარადგენს, მაგალითად, თუ საოპერაციოა, ან რამე მსგავსი. კიდევ იმ კატეგორიას უშვებენ, ვინც გალში მოწვევით იმყოფება, ე.წ. ვიზით,“ – განუცხადა DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელმაც „საზღვარი“„ვიდ ნა ჟიტელსტვათი“ გადაკვეთა.

მისივე თქმით, მესაზღვრეები “საზღვრის” სრულ გახსნაზეც საუბრობდნენ.

„თქვეს, რომ საზღვარს სრულად გახსნიან თუ ქართულ მხარეს სასწავლო პროცესი განახლდება, თუ არადა ეს რეჟიმი 10 მარტამდე გაგრძელდება,“ ამბობს გალის მაცხოვრებელი.

ამ ეტაპზე ხიდზე მომუშავე ტრანსპორტი არ მუშაობს.