გალის რაიონის სკოლებში წელს 400-მდე პირველკლასელი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიაწოდეს.

„მიუხედავად მოსახლეობის მასობრივი გადინებისა, პირველ და მოსამზადებელ კლასებში ბავშვები ჯერ ისევ გვყავს, რაც მისასალმებელია. სასწავლო პროგრამაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“, – გვითხრა გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

ამბობს, რომ პედაგოგები შიშობდნენ, გამომდინარე მოსახლეობის მასობრივი გადინებიდან, შეიძლება პირველკლასელების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულიყო. შეგახსენებთ, რომ, DFWatch-ის ცნობით, მარტო აგვისტოს თვეში რაიონის მარტო ერთი სოფლიდან პოლონეთში სამუშაოდ 50-მდე ახალგაზრდა წავიდა.

შეგახსენებთ, რომ გალის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ამჟამად, რაიონში სულ 30 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ათი ჯერ კიდევ ნახევრად ქართულია – კერძოდ, ამ სკოლებში მე-7 კლასის ჩათვლით ქართული სწავლება რუსულით ჩაანაცვლეს. დანარჩენი კლასები სკოლას ქართულად დაამთავრებენ, რის შედეგადაც გალში ყველა სკოლა მხოლოდ რუსულენოვანი იქნება.