ამბები

საქართველოში რობი უილიამსის, ეროს რამაცოტის და სხვა „მსოფლიო ვარსკვლავების” კონცერტი იგეგმება

by | Mar 18, 2016
giorgi_kvirikashvili2

პრემიერი: მთავრობის სარეზერვო ფონდი კულტურის სამინისტროს ამ პროექტისთვის თანხას გამოუყოფს (Ipn)

საქართველოს კულტურის სამინისტრო აპრილიდან კონცერტების ორგანიზებას გეგმავს, რომელზეც მსოფლიოში პოპულარული შემსრულებლები იქნებიან მოწვეული. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რობი უილიამსთან და ეროს რამაცოტისტან. სხვა მუსიკოსების ვინაობა არ სახელდება, არც ის, რა დაუჯდება ეს აქცია ქვეყნის ბიუჯეტს.

კონცერტები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას გაიმართება, მათ შორის  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. ამასთანავე, ამ კონცერტებზე დასაწრებად ბილეთები „სიმბოლურ ფასად“ გაიყიდება.

ამის საკითხზე  ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის წახალისების მიზნით  ამ პროექტისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს თანხას გამოუყოფებენ. თუმცა კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

„ეს თანხა არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსებისთვის, რომელიც უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასა და ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობოთ კულტურული ღონისძიებების დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ამ დროისთვის დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მოლაპარაკებები ინგლისელ მომღერალთან რობი უილიამსთან, იტალიელ ეროს რამაცოტისთან  და კიდევ „ძალიან ბევრ პოპულარულ მსოფლიო ვარსკვლავთან” მიდის.

თუმცა კითხვებზე,  დანამდვილებით ვინ მიიღებს  საქართველოში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობს,  რა თანხა დაჯდება ეს პროექტი, კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს მაშინდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი ნაწილი ახლა თავად არის ხელისუფლებაში, სააკაშვილს მკაცრად აკრიტიკებდა მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამო.

ამის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ შემდეგი კომენტარით უპასუხა:

„ამ შემთხვევაში თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება. სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებეზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს”, – თქვა გიორგაძემ.

საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დაგეგმვასთან დაკავშირებით, DFWatch-ი კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუასაც ესაუბრა, რომელმაც ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ტურისტულ განვითარებაზე, ისევე როგორც კულტურაზე ეს პოზიტიურად აისახება.

„(მაშინდელი) ოპოზიცია გვაკრიტიკებდა, როცა ჩვენ ვაკეთებდით ამას. ამაშია განსხვავება, ჩვენ უფრო ობიექტურები ვართ და როდესაც კარგს აკეთებენ, შევაქებთ. მათ სინდისზე იყოს ეს ქმედება, მე არ ვაპირებ მათნაირად მოქცევას,“ – აღნიშნა რურუამ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031