ამბები

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გასაჩივრებას აპირებს

by | Jun 3, 2016
OSGF

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ დისკუსია ‘რედისონში’ გაიმართა (Facebook)

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში სამი პრობლემური დებულებაა და მათი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით  საკონსტიტუციო სასამართლოს  შეცვლილი კანონის ძალაში შესვლისთანავე  მივმართავთ,“ – უთხრა DFWatch-ს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ბურჯანაძემ, ამ კანონპროექტზე პარასკევს სასტუმრო „რედისონში“ გამართული დისკუსიის დასრულების შემდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ მსჯელობას, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  პარლამენტის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, პრეზიდენტის შენიშვნები  და რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრება განიხილეს.

როგორც ბურჯანაძემ DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა:  ამ ცვლილებებზე დისკუსიის გააქტიურება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა; დიპლომატებისა და სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის საკანონმდებლო ნაკლოვანებების ჩვენება და სამომავლო გეგმებზე  მსჯელობა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის მოსაზრებებიდან გარკვეულ დებულებებს იშველიებს და ამბობს, რომ მის დასკვნაში ის არ იგულისხმება, რასაც სამოქალაქო სექტორი ამბობს. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ დააზუსტოს რიგი დებულებები, რომელთაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ვიწროდ და არასწორად კითხულობს.

„რაც შეეხება ვეტოს, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ვეტო პოლიტიკური მექანიზმია და ალბათ, ეს უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილია,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეხვედრას კონსტიტუციონალისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტიტუციურ სამართალში  ვახუშტი მენაბდეც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სრულყოფილად არ ასახავს იმ პრობლემებს, რაც კანონპროექტს გააჩნია. მისი აზრით, გამოსავალი მხოლოდ კანონის გასაჩივრებაშია.

„ერთი გზა არის დარჩენილი – არც პრეზიდენტის ვეტო გაიზიაროს პარლამენტმა და არც ძველი შენიშვნები დაამტკიცოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა. ამიტომ, კიდევ   ერთი გზა არსებობს. როდესაც კანონი გამოქვეყნდება, გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე კონსტიტუციური კონტროლის ორგანომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შეთავაზებული ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე“, – განაცხადა  მენაბდემ.

მანვე აღნიშნა, რომ გასაჩივრების შემთხვევაში კანონის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, თუმცა საკონსტიტუციოს შეუძლია ამის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა 31 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა, პარლამენტმა პარასკევს განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

შესაბამისად, რადგან დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები გააზიარეს, ვეტოს დაძლევის საჭიროებაც აღარ დადგა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასვნას, რომელიც 27 მაისს გამოიგზავნა, ძირითადი კრიტიკა სამ ცვლილებას ეხება.

– კომისიას მიაჩნია, რომ   უნდა გაუქმდეს ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობას უკრძალავს.

– უნდა შემცირდეს გადაწყვეტილების მისაღებად პლენარული სხდომის კვორუმიც, რომელიც, მიღებული პროექტის თანახმად, 9-წევრიანი პლენუმიდან მინიმუმ 6 წევრის თანხმობას გულისხმობს.

– რეკომენდაციაა შეიცვალოს ის ნორმა, რომლითაც, 4-წევრიანი კოლეგიის თითოეულ მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება ეძლევა, განხილვის ნებისმიერი ეტაპიდან საქმე პლენუმს გადასცეს.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება და როდესაც საქმეს 9 მოსამართლე იხილავს, ეს არის პლენუმის ფორმატი. გარდა ამისა არსებობს 2 კოლეგია, რომელიც 4-4 მოსამართლისგან შედგება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არც ერთი კოლეგიის წევრი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება იმაზე, არაკონსტიტუციურია თუ არა ესა თუ ის ნორმა, მანამ ნორმის დროებით შეჩერება ხდება. დღეს მოქმედი კანონით, ნორმას აჩერებს კოლეგიაზე დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა – მინიმუმ 2 წევრი. ცვლილების მიხედვით კი ნორმის შესაჩერებლად საქმე უნდა გადავიდეს პლენუმზე, სადაც კვორუმისთვის საჭიროა მინიმუმ 7 პირის დასწრება, გადაწყვეტილების მისაღებად კი 2/3, ანუ 6 ხმა.

დღეს მოქმედი კანონით კვორუმი უფრო დაბალია – პლენუმზე კვორუმი დგება 6 წევრის შეკრების დროს და გადაწყვეტილებას ჭირდება 5 ხმა. ამიტომაც კრიტიკაა იმაზე, რომ საქმის პლენუმისადმი გადაცემა, მით უფრო მაღალი კვორუმის პირობებში, გადაწყვეტილების მიღებას ძალიან გააჭიანურებს. უფრო მეტიც, შესაძლოა საქმის ობიექტურად გადაწყვეტა საერთოდ დაბლოკოს.

რაც შეეხება პრეზიდენტის წინადადებებს, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პრეზიდენტმა სრულად გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ პირველი შენიშვნა. მეორე შენიშვნა გათვალისწინებულია ნაწილობრივ და ნათქვამია, რომ პლენუმზე დაწესებული მაღალი ქვორუმი შენარჩუნებული უნდა იყოს ორგანული კანონის, ასევე პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის შემთხვევაში.  ხოლო სხვა კანონთან მიმართებაში, ასევე ნორმის შეჩერების შემთხვევაში, პლენუმმა ეს წესი არ უნდა გამოიყენოს;  მესამეზე  კი  საერთოდ არ არის გათვალისწინებული.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930