guzenkp

პაველ სივოკონი მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ ნატალია გუზენკოსთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ კარპატებში. (Facebook)

ყაზბეგში, მყინვარზე ასვლისას, უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. მთამსვლელების თქმით, ის მოყვარულ მთამსვლელი იყო და მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. როდესაც ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა ხუთშაბათს, 2 ივნისს, გამთენიისას მოხდა.  ეს წელს მყინვარზე ასვლისას ტურისტის დაღუპვის პირველი შემთხვევაა, თუმცა ბოლო წლებში კავკასიონზე, საქართველოს მწვერვალების მიმართ გამოუცდელი თუ პროფესიონალი უცხოელი მთამსვლელებისგან დაინტერესება დიდია და ამ ექსტრემალურ სპორტში უბედური შემთხვევებიც ყოველ წელს ხდება.

„2 ივნისს, დილით ადრე, მყინვარზე ასვლილისას დაიღუპა უცხოელი ტურისტი. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და ძალინ მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ჩვენ დაგვირეკეს მთამსვლელებმა, რომლებმაც ის  ამოიყვანეს, შემდეგ კი მაშველები ვერტმფრენით ჩაფრინდნენ და გარდაცვლილი თბილისში გადმოასვენეს. სიმაღლეზე ასვლისას რაღაც წესები უნდა დაიცვა, უნდა გაითვალისწინო  ამინდი, აღჭურვილობა, თოკები და ა.შ. როგორც მთამსვლელებმა გვითხრეს, მას ეს აღჭურვილობა არ ჰქონდა და წესების დარღვევით ადიოდა,“ – განუცხადეს DFWatch-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სადაც არ აქვთ ინფორმაცია, მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად უკრაინელი ტურისტი და კონკრეტულად რა წესები დაარღვია მან.

დაღუპულის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი ნატალია გუზენკო ამჟამად თბილისში იმყოფება და როგორც ის ფეისბუქზე წერს, დოკუმენტების გაფორმებას ცდილობს, რომ მეუღლე უკრაინაში გადაასვენოს.

ალპური კლუბის წევრი გუგა დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებია მწვერვალზე ასვლისას ქართველი არავინ დაღუპულა, მაგრამ უცხოელ ტურისტებიდან უბედური შემთხვევები ყოფილა წინა წლებშიც. მიზეზად კი ძირითადად იმას ასახელებს, რომ უცხოელები ხშირად ადგილობრივ გამყოლებს არ ქირაობენ-ხოლმე.

ამბობს, რომ 15 წელია მწვერვალებზე დაცოცავს და არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც ქართველ გამყოლს ჯგუფის წევრი დაეკარგოს.

„ძირითადად თურქები მოძრაობენ დაცვის გარეშე კლდოვან და ყინულოვან მასივზე და შარშან დაიღუპნენ თურქები. ასევე დაიღუპა ავსტრიელი ქალი და კაცი. მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი ალპინისტებისთვის რთულად არ ითვლება, მაგრამ ერთხელ მაინც თუ არ ხარ გიდთან ერთად ნამყოფი, გამოუცდელი მთასვლელისთვის თვითნებურად ასვლა მაინც რთულია. უსაფრთხოების ელემენტარული წესები უნდა დაიცვა. მყინვარწვერზე მაინც არის ნაპრალები, ქვათაცვენის ადგილები, რომელთაც თავი უნდა აარიდო; არის ადგილები, სადაც ამინდის გაფუჭების შემთხვევაში, თუ GPS კოორდინატები არ გაქვს, შეიძლება დაიკარგო. უბედური შემთხვევებიც ამის გამო ხდება,“ – აღნიშნავს დაბრუნდაშვილი.

ამბობს, რომ ალპინიზმი ექსტრემალურ სპორტად სწორედ იმიტომ ითვლება, რომ დიდი რისკია და გაუთვალისწინებელი რაღაცეები ხდება. შეიძლება ზვავში მოჰყვე, ნაპრალში ჩავარდე, ქვათა ცვენაში მოჰყვე, ფილტვები შეშუპება დაგეწყოს და ვეღარ გადაადგილდე, შეიძლება ქვა მოგხვდეს, შეიძლება ამინდი გაფუჭდეს და მოიყინო ან საერთოდ დაიკარგო.

აღნიშნავს, რომ უფრო რთულ მარშრუტებად სვანეთის მიმართულება მიიჩნევა – უშბა და შხარა. რუსი, უკრაინელი და სხვა უცხოელი ტურისტებიც ძირითადად უშბაზე მიდიან, მყინვარწვერი კი ალპინისტებისთვის რთულ მარშრუტად არ ითვლება, მაგრამ ლამაზია, ახლოსაა და ამიტომაც მოყვარულებს იზიდავს.

ქართველი მთამსვლელების და სპორტსმენების დაღუპვა 4 წელი არ ყოფილა. 2005 წლის ზაფხულში უშბაზე ორი ქართველი ალპინისტი, მერაბ ხაბაზი და ზაალ ქიქოძე, დაიღუპა ქართულ­ჰოლანდიური ექსპედიციიდან. ასევე 2012 ჭაუხის რაიონში დაიღუპა სპორტსმენი ზურაბ ებანოიძე.