ამბები

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს 15 მილიარდ რუბლს გამოუყოფს

by | Sep 14, 2016
Russia

(Ria Novosty)

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს 2017-2019 წლებში 15 მილიარდ რუბლამდე (230 მლნ დოლარი) დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავს დებულებას წერილის ის ნაწილი შეიცავს, რომელიც დასათაურებულია, როგორც „სახელმწიფო პროგრამა „საგარეო საქმიანობა“.

ბიუჯეტში, ფინანსური დახმარების მიზნით, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2017-2019 წლებში ჩადებულია 3 მილიარდი რუბლი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის კი, იმავე მიზნებისთვის – 4.6 მილიარდი რუბლი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში საბიუჯეტო ინვესტიციების მხარდაჭერისთვის 4 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, ცხინვალის რეგიონისთვის კი 3 მილიარდი რუბლი. ჯამში, აფხაზეთი 7 მილიარდს მიიღებს, სამხრეთ ოსეთი – 7,6 მილიარდ რუბლს.

აღსანიშნავია, რომ ფულადი რესურსი, რომელსაც მოსკოვი დე ფაქტო ხელისუფლებებს ყოველწლიურად ურიცხავს, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის დაახლებით 90%-ს, ხოლო აფხაზეთის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

ცხინვალში რუსულ დაფინანსებას ყოველთვის დიდი კმაყოფილებით ხვდებიან, სოხუმში კი – ბოლო 2 წელია კრიტიკულად, რადგანაც, როგორც წესი, მოსკოვიდან ყოველ წელს ბევრად დიდი მოცულობის თანხაზეა დაპირება, მაგრამ საბოლოოდ გადარიცხული ფული ნაკლებია.

ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის აღიარების შემდეგ იქიდან ფინანსურ დახმარებას 2009 წლიდან ორი მიმართულებით იღებენ: პირველ სფეროს მიეკუთვნება ძალოვანი სტრუქტურების, კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების თანამშრომლების ხელფასები; მეორე მიმართულება ითვალისწინებს ეკონომიკური სფეროს განვითარებას. რუსეთიდან ყველაზე დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება ორივე ოკუპირებული რეგიონებისთვის სწორედ აღიარების პირველ წლებში გაიცა.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ხოლო 2015 წელს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმდა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის  შეთანხმება, გაცხადდა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსკოვიდან ფინანსური დახმარების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. თუმცა დე ფაქტო მთავრობებმა ჯერჯერობით შეპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღეს.

მაგალითად, მოსკოვი აფხაზეთს 2015 წლისთვის 5 მლრდ რუბლით დაფინანსებას შეჰპირდა, რის იმედადაც აფხაზებმა „რესპუბლიკის“ ბიუჯეტი 12 მლრდ რუბლამდე გაზარდეს, მაგრამ სოხუმში მხოლოდ 10% – 450 მლნ რუბლი მიიღეს, რის გამოც ბიუჯეტის ორჯერ შემცირება მოუწიათ და აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება და ბრალდებებიც კი გაისმა რუსეთის მისამართით. უფრო მეტიც, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან იყო მოწოდებები, რომ რუსეთმა სამხედრო ბაზების აფხაზეთში განლაგების გამო თანხაც გადაიხადოსო.

შეპირებულზე ბევრად ნაკლებს მიიღებს სოხუმი წელსაც. რუსეთის დუმამ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში 16,1 მილიარდი რუბლი გამოყო. აქიდან 7,9 მილიარდი რუბლი დე ფაქტო სოხუმისთვის; 8,2 მილიარდი კი – დე ფაქტო ცხინვალისთვის. ჯერჯერობით, აფხაზებმა მოსკოვიდან მხოლოდ 2,7 მლრდ რუბლის დაფინანსება მიიღეს.

მანამდე კი, 2009-2013 წლებში, აფხაზეთს რუსეთისაგან 11 მლრდ რუბლის დახმარება აქვს მიღებული. 2010-2011 წლებში – 6 მლრდ, 2012 – 3,2 მლრდ და 2013-ში – 1,8 მლრდ რუბლი და ამ წლების განმავლობაში რუსეთი თანხების ხარჯვის მიზნობრიობით უკმაყოფილებას მუდმივად გამოთქვამდა როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მისამართით.

რაც შეეხება მოსკოვიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისათვის გამოყოფილი ფინანსებს. 2016 წელს რუსეთმა ცხინვალს 8,2 მლრდ რუბლი გამოუყო,  მაგრამ ჯერ ცხინვალში მთელი თანხა მიღებული არ არის; 2015 წელს ცხინვალმა მიიღო – 3,6 მლრდ რუბლი;  2014 წელს  – 2,9 მლრდ რუბლი; 2013 წელს – 2,7 მლრდ რუბლი; 2012 წელს – 2,54 მლრდ რუბლი; 2011 წელს საინვესტიციო პროგრამების სახით გადაურიცხა 6,8 მლრდ რუბლი, ხოლო 2009 წელს 8,5 მლრდ რუბლი, აგვისტოს ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, არაეფექტურად დაიხარჯა.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი  ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ლევან კიკნაძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ არავინ იცის, შეუსრულებს თუ არა სეპარატისტულ რეჟიმებს რუსეთი ამ ფინანსურ დაპირებას, რადგანაც მოსკოვი დე ფაქტო ხელისუფლებებს ყოველწლიურად ჰპირდება ბევრ თანხას, მაგრამ ურიცხავს მხოლოდ ნაწილს, იმდენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი შეინარჩუნოს. ამას მოსკოვში ორი მიზეზით ამართლებენ, ერთი ის, რომ დახმარების უდიდესი ნაწილი კორუფციის გამო არამიზნობრივად იხარჯება და მეორე – რუსეთი თავადაც ეკონომიკურ კრიზისშია.

„2008-2009 წლებში აფხაზეთსა და უფრო მეტად სამხრეთ ოსეთში დიდი თანხა გაიგზავნა, შემდეგ კი ყოველწლიურად კლება დაიწყო. განსაკუთრებით მიზერული დაფინანსება მიიღო აფხაზეთმა 2015 წელს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება და გამოსვლებიც მოჰყვა. აფხაზეთში დღესაც უმძიმესი სოციალ-ეკონიმიკური ვითარებაა და მოსკოვი დღევანდელი დღის დაპირებით ცდილობს გაანეიტრალოს მოსახლეობისა და ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ცხინვალის მიმართ კი უფრი კეთილგანწყობილია, რადგან იქ რუსეთის მიმართ მხოლოდ აღფრთოვანება გამოითქმის, რუსეთს მფარველად და მარჩენალად მიიჩნევენ და ამის გამო ფული უფრო ემეტება. ამიტომაცაა, რომ დახმარებას  აფხაზეთზე მეტად ყოველთვის ცხინვალის რეგიონი იღებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი სამხრეთ ოსეთზე დიდია,“- ამბობს კიკნაძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930