ამბები

    რატომ ვერ მოხერხდა სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის დაკავება ?

    by | Aug 30, 2016

    demur_sturua_portraitსოფელ დაფნარში  7 აგვისტოს გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ის მიმალვაში იმყოფება, მაგრამ საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

    როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი,  თევზაძე გამოძიებას თავს არიდებს, რის გამოც მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი – თვითმკვლელობამდე მიყვანასა და  სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე,  სს კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    22 წლის სამტრედიელმა ახალგაზრდამ თავი 7 აგვისტოს საკუთარ ეზოში, ხეზე ჩამოიხრჩო და იქვე წერილი დატოვა, რომელშიც რაიონის პოლიციის წარმომადგენელი ზეწოლაში დაადანაშაულა. კერძოდ, სტურუა  წერდა, რომ უბნის ინსპექტორი გოდერძი თევზაძე მას მოკვლით ემუქრებოდა და აიძულებდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის ჰქონდა დათესილი „პლანი“ (მარიხუანა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. სტურუა წერდა, რომ 7 აგვისტოს პოლიციელმა ის მანქანით სოფელ იანეთში წაიყვანა, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდნენ, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

    გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სტურუა სასტიკად იყო ნაცემი,  რაც ექსპერტიზის პასუხებმაც დაადასტურა.

    ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისიძების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, პროკურატურამ სასამართლოს  უკვე მიმართა. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამშაბათს, 30 აგვისტოს იმსჯელებს.

    ხოლო იმ შემთხვევაში თუ თევზაძე უახლოეს პერიოდში საგამოძიებო ორგანოებში არ მივა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

    გარდაცვლილის ახლობლები კი თევზაძის დაკავებას ითხოვენ. სტურუას ოჯახი და ახლობლები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო ორგანოები პოლიციელს ხელს აფარებენ.

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბრალის წაყენებისთვის ამდენი დღე საჭირო არ იყო.

    „გარდაცვლილმა დაწერა წერილი და მიუთითა კონკრეტული პირი. შესაბამისად, იდენტიფიცირება და დაკავება იყო ძალიან მარტივი. კითხვები ჩნდება, რატომ დასჭირდა პროკურატურას ორ კვირაზე მეტი ამ პირისთვის ბრალის წასაყენებლად. არ ვიცი, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ პირს საქართველოს საზღვრები დატოვებული აქვს, თუმცა თუ ეს დადასტურდება და არ იქნება ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, ეს, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა სისტემა ხელს აფარებდეს დამნაშავეს,“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    მომხდართან დაკავშრებით კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, „დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას. მათ შორის,  როგორ მოხდა, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიიმალა. რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში“.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    September 2016
    M T W T F S S
    « Aug    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930