„ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან,“ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
მანამდე ელისაშვილმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძე „თმაგაპუწულ გოგლი-მოგლი ბიჭად“ მოიხსენია და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ორი დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, რომ მას (კობახიძეს) არ ახსოვს, გიგი უგულავას მერობის დროს ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა.“
„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარება. ის, რაც დღეს, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, ტელეეთერის მეშვეობით ხდება, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე. თუმცა, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები მათ შორის ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან, აღიკვეთება,“ – აღნიშნა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“.
თუმცა იქვე დასძინა, რომ არც რაიმე კონკრეტული კანონპროექტის შემუშავებას და არც რეპრესიულ ფორმებს გულისხმობს. კობახიძის განმარტებით, საუბარია მხოლოდ კულტურის განვითარებასა და სტანდარტების ამაღლებაზე.
„სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე განვითარდება ქვეყანაში, რომ აღარავის გაუჩნდება სურვილი, ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა ტელე-ეთერში ასეთი მასშტაბით წარმოაჩინოს,“ ამბობს კობახიძე.
მიუხედავად განმარტებისა, „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეს განცხადება მისი თანაგუნდელებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა. კერძოდ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ არ იცის, როგორ უნდა მოხდეს ამის დარეგულირება, რადგან კანონს იმის შესახებ, რა უნდა თქვას ან რა უნდა თქვას ადამიანმა, ვერ მოიგონებ.
„ნატა ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, ვერ მოვუგონებ რაღაც კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს, რა უნდა თქვას. ბილწსიტყვაობა, იქნება ეს კამერების წინაშე თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, მიუღებელია. თუმცა ეს დამოკიდებულია ადამიანზე და იმაზე, თუ რა ოჯახში არის აღზრდილი,“ – თქვა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.