ამბები

„ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მომზადებაში სდებს ბრალს

by | Sep 5, 2016
Tamar Chugoshvili

Tamar Chugoshvili

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებებისა და არეულობის  პროვოცირებას გეგმავს. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.

ამ განცხადებას დაუყოვნებლივ დაეთანხმა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, „ნაციონალურ მოძრაობაში” კი აბსურდი უწოდეს და კალაძეს იქით შეახსენეს კორცხელის ინციდენტი.

თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და სამართლიან გარემოში, მაგრამ სამწუხაროდ, მათი „ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა“.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს,“ -აცხადებს ჩუგოშვილი.

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებსა და შემთხვევებზე, რომლებმაც, შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.

„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდან არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, – დასძენს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის ამ ბრიფინგს გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც, რომელიც ირწმუნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ორგანიზაციაც შექმნა, რომლის მეშვეობითაც არეულობების მოწყობა იგეგმება, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, მან ამ ორგანიზაციის დასახელება ვერ გაიხსენა.

„ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს არჩევნები ცუდ ფორმატში გადაიყვანოს, ხელის შეშლები იყოს და ა.შ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს განცხადება, რომელიც ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა ზუსტად ემსახურებოდა ამას. აქ იყო საუბარი იმ საშიშროებებზე, რომელიც შეიძლება იქნეს განხორციელებული. დაარსებულია, თუ არ ვცდები, რაღაც ორგანიზაცია, რომლითაც აპირებენ გარკვეული არეულობების შემოტანას. ამის მაგალითები არის უკვე თუნდაც აჭარაში, ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს, მივარდნები და ა.შ,” – აცხადებს კალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი კალაძეს კორცხელის ინციდენტის ავტორობას ახსენებს და ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს პროვოკაციებს და გეგმაა, რომ ეს შემდეგ ოპოზიციას დაბრალდეს.

„როგორც ჩანს, ჩუგოშვილმა ახალ ამპლუაში  საოცარი რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო. ტიპიური რუსული პროპაგანდაა, როდესაც წლების განმავლობაში რასაც თავად აშავებ,  როდესაც მასობრივად თავს ესხმი და არბევ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს, უვარდები შეხვედრებზე, ძალადობ, იგივე კორცხელში რაც ჩაიდინეს და ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც თავად აკეთებენ, ეს სხვას გადააბრალო.

„როგორც ჩანს, ეს პრელუდიაა, ეტყობა კიდევ რაღაცას აპირებენ. მათ გარდა არავის სჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამგვარ რამეს აპირებს.  ეს გააკეთა კორცხელში კალაძემ, როდესაც თავად იძალადა და მერე სხვისთვის გადაბრალებას შეეცადა, მაგრამ ამაშიც ძალიან უნიჭოები არიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ვოიაჟებს, ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცეებს დაპირდა, შემდეგ კი მოატყუა და გადააგდო, და უბედურ დღეში ჩააგდო, თუ ასეთი ხალხი აქციებს მოუწყობს, ეს არც უნდა გაუკვირდეს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ,“- „ოცნების“ ბრალდებას პასუხობს რატიანი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031