ამბები

მძიმედ დაჭრილი ტრანსგენდერის უფლებების დასაცავად სასამართლოსთან ორი აქცია გაიმართა

by | Oct 19, 2016

LGBTQ_activists_court_2016-10-19თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების ყველა საფუძველი არსებობდა, რადგან ბრალდებულმა, გიორგი მურჯიკნელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა.

პროკურატურამ დანაშაულის მოტივებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ  ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს 2011 წლიდან იცნობდნენ, ერთად იხდიდნენ სასჯელს ციხეში მურჯიკნელისთვის კარგად იყო ცნობილი დაზარალებულის გენდერული იდენტობის შესახებ, შესაბამისად დანაშაული დისკრიმინაციის ნიშნებს არ შეიცავს.

თავად ბრალდებულმა გიორგი მურჯიკნელმა წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ 1000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თუმცა სანამ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა შენობის წინ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

ერთი მოაწყო ლგბტ აქტივისტებმა, უფლებადამცველებმა და დაზარალებულის მეგობრებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დანაშაული  სიძულვილით იყო მოტივირებული, ამიტომაც დანაშაულის უნდა გადაკვალიფიცირდეს უფრო მძიმე მუხლით – სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულით.

მათი თქმით, ლგბტ ჯგუფში ყველაზე დაუცველები ტრანსგენდერი ქალები არიან და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არაადეკვატურად ისჯება.

მათ გარდა სასამართლოს წინ შეიკრიბნენ „ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოს უცხადებდნენ სოლიდარობას და გვერდით შეკრებილ ლგბტ აქტივისტების მიერ აქციის გამართვა გააპროტესტეს.

მათ განაცხადეს, რომ ლგბტ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეალურად არ იცავენ ტრანსგენდერ ქალთა უფლებებს და ისინი ორიენტირებულები არიან დიდი მოცულობის გრანტების მოზიდვაზე.

გარდა ამისა, აქციაზე მათ მოითხოვეს, რომ პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს.

საუბარია 14 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს და ყელი გამოჭრეს. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიება სს 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს რუსთავში დააკავეს. მურჯიკნელი წარსულში ნასამართლევია და მას პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031