ამბები

მეცნიერებათა აკადემიკია და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანონში ცვლილებებზე ვერ შეთანხმდნენ

by | May 5, 2016
vk9qwum0tmd14ar

მეცნიერებათა აკადებია (Facebook)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მეცნიერებათა აკადემიის წევრები კანონპროექტის ავტორს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს უპირისპირდებიან.  

ოთხშაბათს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ვანო კიღურაძე მივიდა და კანონპროექტის განხილვა მწვავე კონფრონტაციის ფონზე გაიმართა.

განხილვის შემდეგ კი DFWatch-ს მეცნიერებათა აკადემიაში უთხრეს, რომ შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აკადემიამ კიღურაძეს კანონპროექტის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, შეთანხმება ვერ მოხერხდა.

დაპირისპირების მთავარი მიზეზი კანონპროექტით გათვალისწინებული ორი ცვლილებაა. კერძოდ, ასაკობრივი ცენზის დაწესება, რომელიც გულისხმობს, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად 70 წელზე მეტი ასაკის პირი ვერ აირჩევა. შეგახსენებთ, რომ მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტები, როინ მეტრეველი და თემურ ნანეიშვილი, 70 წელს გადაცილებულნი არიან.

კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც აკადემიკოსებისთვის მიუღებელია – აკადემიის წევრ-კორესპოდენტთა თანდათანობით გაუქმება და მისი სტიპენდიანტებით ჩანაცვლებაა. პროექტის თანახმად, წევრ-კორესპოდენტებისგან განსხვავებით, სტიპენდიანტები 5 წლით აირჩევიან, ყოველთვიური ანაზღაურებით არანაკლებ 1000 ლარისა.

კვესიტაძე ამბობს, რომ ეს ცვლილება აკადემიის წევრებს შეამცირებს.

„აკადემიაში სულ 110 წევრია. მათგან 70 აკადემიკოსია, 40 – წევრ-კორესპონდენტი. ვანო კიღურაძე გვთავაზობს, რომ წევრ-კორესპონდენტები გადავიყვანოთ მილევად რეჟიმში, მათ ნაცვლად კი  სტიპენდიანტები ავიყვანოთ. საქმე ისაა, რომ ეს იწვევს აკადემიის წევრების შემცირებას, 110-ის ნაცვლად გვეყოლება 70. სტიპენდიანტი  აკადემიის წევრად ვერ ჩაითვლება,” – აღნიშნა კვესიტაძემ.

რაც შეეხება ასაკობრივი ცენზის დაწესებას, აკადემიკოსები ამ ცვლილებას ასაკობრივ დისკრიმინაციას უწოდებენ. მათი თქმით, კიღურაძეს აკადემიის  პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძის მიმართ მისი პიროვნული შუღლი აქვს და სწორედ ეს არის ამ ინიციატივის შექმნის მიზეზი.

„რეზონანსთან“ ინტერვიუში ხუთშაბათს კიღურაძემ, რომელიც 79 წლისაა, არ დამალა, რომ გიორგი კვესიტაძესთან „არ მეგობრობს“ და მისთვის პრეზიდენტად არჩევისას მხარი არ დაუჭერია, თუმცა თქვა, რომ „ძმასავითაა“ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტ თემურ ნანეიშვილთან, რომელიც ასევე 70-ს არის გადაცილებული და ამიტომ მისი ოპონენტების არგუმენტაცია უადგილოა (კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან კიღურაძე ასევე „არ მეგობრობს“).

აკადემიის საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ვლადიმერ  პაპავა ამბობს, რომ ასაკთან დაკავშირებით ცვლილება პიროვნულია და სხვა რომ ყოფილიყო აკადემიის პრეზიდენტი, ეს საკითხი არ დადგებოდა. პაპავამ გაიხსენა, რომ 2005 წელს კიღურაძემ აკადემიის პრეზიდენტად არჩევნებზე თამაზ გამყრელიძეს დაუჭირა  მხარი, რომელიც 76 წლის იყო, და აღნიშნა, რომ„აკადემიის პრეზიდენტად ყველაზე სახელოვანი, ცნობადი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანი უნდა აირჩეს“-ო.  პაპავას თქმით, მისთვის საინტერესოა, თუ მაშინ  კრიტერიუმი იყო  არა ასაკი, არამედ ღირსება, რა შეიცვალა დღეს ?

ივანე კიღურაძე შენიშვნებს არ იზიარებს და პირად მოტივებსაც გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა,  კანონპროექტის მიზანი ქვეყნიდან ტვინების გადინების პროცესის შეჩერება, ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა და მათთვის სახელმწიფო მხარდაჭერაა.

რაც შეეხება, ასაკობრივ ბარიერს, მისთვის ეს უკმაყოფილება ცოტა გასაკვირია, რადგან, მსგავსი შეზღუდვა ყველა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაში არსებობს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია  საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, 1941 წლის თებერვალში დაფუძნდა.

როგორც აკადემიის წესდებაშია აღნიშნული, აკადემიის ძირითადი მიზნებია საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მსოფლიო მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა, საქართველოს მეცნიერთა მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და ა.შ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031