#Kosovo sports journalists in #Budapest cried tears of happiness as @uefa announced the newest member, our republic. pic.twitter.com/OEzq2QA002
— Petrit Selimi (@Petrit) May 3, 2016
უეფა-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყო საქართველოც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკუთარი სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – გამო კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და უეფა-ში გაწევრიანებასაც ამ მოტივით არ დაუჭირა მხარი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტუნირზე კოსოვის ნაკრებთან თამაში მაინც მოუწევს.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას რიგით 40-ე კონგრესი 3 მაისს გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს. ფარული კენჭისყრის შედეგად კოსოვო ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის – უეფას – 55-ე ოფიციალური წევრი გახდა.
უეფაში გაწევრიანების შემდეგ, კოსოვოში იმედოვნებენ, რომ მათ საფეხბურთო ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარებული წესით გავლის შანსს მისცემენ. ასევე ითქვა ისიც, რომ რადგანაც სერბეთი კოსოვოს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არ აღიარებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთი და კოსოვო ერთ შესარჩევ ჯგუფში არ მოხვდებიან.
12-13 მაისს კი ასევე გადაწყდება კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხიც, რომელსაც მეხიკოში ფიფას კონგრესზე განიხილავენ.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ ახლა კოსოვოს ფიფაში გაწევრიანებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.
აღსანიშნავია, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო და სისხლიანი ომის შედეგად 90-იანი წლების ბოლოდან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა, 2008 წლიდან კი დე იურეც. საერთაშორისო საზოგადოებამ მიიჩნია, რომ სერბეთი ამ რეგიონში, სადაც მეტწილად ალბანელები სახლობდნენ, ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა. მაშინ ნატომ სერბეთს ომიც გამოუცხადა, რასაც რამდენიმეკვირიანი დაბომბვა მოჰყვა.
ახლა კოსოვოს სუვერენიტეტს 100-მდე ქვეყანა ცნობს. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის 5 წევრი, მათ შორის საბერძნეთი და ესპანეთი, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ. იმავე მიზეზით კოსოვოს სუვერენიტეტს არ სცნობს საქართველოც.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი უეფას ამ გადაწყვეტილებას უდიდეს შეცდომად და პოლიტიკურ საკითხებში ამ ორგანიზაციის უხეშ ჩარევად აფასებს.
ხოლო უმასპინძლებს თუ არა საქართველო კოსოვოს ნაკრებს, მისი თქმით, ამ შემთხვევაში დილემის წინაშე ვდგავართ, საბოლოოდ ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, თუმცა წესით, რადგანაც კოსოვოს სახელმწიფოდ არ ვაღიარებთ, ნაკრები არ უნდა მივიღოთ.
სპორტისა და ახალგაზრდულ ნაკრებთან კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვის განცხადებით, მართალია, პოლიტიკურად კოსოვის არ ვაღიარებთ, მაგრამ რადგან უეფამ აღიარა, სპორტული პრინციპებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია კოსოვის ნაკრები მიიღოს.
„კოსოვო გაეროს უმეტესმა ქვეყანამ აღიარა, მისი გუნდები ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან, ამიტომაც ჩვენ გასულ წელს ჩატარებულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კოსოვოს გუნდები მივიღეთ. კოსოვის გუნდების თამაშებზე დაშვების საკითხი პირველად აზერბაიჯანმა დასვა, როდესაც შარშან ევროპის თამაშებისთვის ემზადებოდნენ. თითქოს არ უნდოდათ მიღება, მაგრამ შემდეგ დაუშვეს. ასევე იყო ჩვენთანაც, თავიდან გაკეთდა ემოციური განცხადებები, მაგრამ ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ უარი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ოლიმპიური კომიტეტი კოსოვის გუნდებს აღიარებდა და უარი ცუდი პრეცედენტი იქნებაო. ასეთივე სიტუაცია ფეხბურთშიც. ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ ხმა რომ არ მისცა, ეს სწორი პოზიცია იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტლებით უეფა მათ აღიარებს და თუ ჯგუფში ერთად მოვხვდებით, თამაშები უნდა ჩატარდეს. ხმა რომ არ მივეცით, ეს არ ნიშნავს, რომ მათთან არ ვითამაშოთ. სხვანაირად არ მოხერხდება,“ – აღნიშნავს ხაბელოვი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.