ამბები

მერკელი: გერმანია ვიზალიბერალიზაცის მხარს უჭერს

by | Jun 16, 2016
Merkel

(Facebook)

„საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მართალია, მერკელის განცხადებაში ვადები მიახლოებითაც კი არ ყოფილა დაკონკრეტებული, მან ოფიციალურ თბილისში ოპტიმიზმი მაინც გამოიწვია და გაკეთდა განცხადებები იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლა ან სექტემბერში, ყველაზე გვიან კი წლის ბოლოს, აუცილებლად გვექნება და გერმანია, რომელიც მანამდე პროცესის მთავარ შემაფრეხებლად მოიაზრებოდა, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

ივნისამდე საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა. გერმანულ მედიაში კი დაიწერა ისიც, რომ ბერლინი ამ საკითხს ქართველი კრიმინალების აქტიურობის გამო ბლოკავდა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო შედგა 5 ივნისს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში.

კანცლერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარს უჭერს, თუმცა მანამდე ევროპულმა პარლამენტმა ვიზა ლიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი უნდა დაამტკიცოს.

„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზა ლიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო… რადგან ამის განმეორება არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე“, – განაცხადა მერკელმა.

ვიზალიბერალიზაციის მიღების ვადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე, „ძალიან გრძელ ვადაზე საუბარი არ არის“.

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზა ლიბერალიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას. ასე რომ, შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, – დასძინა ანგელა მერკელმა და აღნიშნა ისიც, რომ ეს საკითხი უკრაინასთან ერთად განიხილება.

კანცლერმა ისაუბრა იმაზეც, რომ გერმანიის პოზიციაზე საქართველოს მოქალაქე კრიმინალების აქტიურობაც ახდენს გავლენას.

„რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლას, ესეც დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შს მინისტრებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის ამ განცხადების შემდეგ განცხადებები ოფიციალურ თბილისშიც გაკეთდა. მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანია მხარს უჭერს საქარველოს ვიზალიბერალიზაციას, რაც პრემიერისა და მერკელის შეხვედრაზეც დადასტურდა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

„შეიძლება იყოს სექტემბერი, ოქტომბერი, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას,“- განაცხადა კახი კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იმედოვნებს, რომ სექტემბრის განმავლობაში, საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„საბოლოოდ გაიფანტა ეჭვები იმის თაობაზე, გვიჭერს თუ არა მტკიცედ მხარს გერმანია ჩვენს რეფორმებში და იმ სურვილებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ვიმედოვნებ, რომ ყველანაირი ზედმეტი მოლოდინების გარეშე, სექტემბრის განმავლობაში მაინც პოლიტიკური დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გახსნის თაობაზე მიღებული იქნება“ – თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.

სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს გერმანია მხარს უჭერს.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს, გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არანაირი შეფერხება არ ექნება. ჩვენ მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს დროულად საკითხის გადაწყვეტას. პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია, ხოლო პროცედურულად მას ამ საკითხის შეჩერების მექანიზმის პარალელურად განვითარება ესაჭიროება,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930