ამბები

ალასანიას პარტია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ქცევაზე მემორანდუმი მათი იდეაა და არა კვირიკაშვილის

by | Sep 16, 2016

viktor_dolidzeთავისუფალი დემოკრატები ამტკიცებენ, რომ არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური მემორანდუმის გაფორმების იდეა მათ ეკუთვნით და არა პრემიერ-მინისტრს.

Vashadze 1პარტიის გამგეობის წევრის, ვიქტორ დოლიძის თქმით, დოკუმენტი, რომელიც წინასაარჩევნო ქცევის წესებს ეხებოდა, მან რამდენიმე თვის წინ შეიტანა პარლამენტში და მას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა საპარლამენტო ძალამ დაუჭირა მხარი.

„რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, ე.წ. ქცევის წესებს. ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ ევროპარლამენტარებთან კონსულტაციებით. ეს იყო ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენის არ გამოყენებას, დაპირისპირებაზე უარის თქმას, ორიენტირის გაკეთებას პროგრამებზე, პლატფორმებზე და საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის პატივისცემას. ვფიქრობ, იქ ყველაფერი ნათელია და ახალი ველოსიპედების გამოგონება რა საჭიროა, მე ვერ გავიგე. ამას ელემენტარულად პოლიტიკური ნება სჭირდება”, – განაცხადა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, “თავისუფალი დემოკრატები” არ არის წინააღმდეგი, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

“თუ მიიჩნევენ, რომ კიდევ რაღაც დამატებითი დოკუმენტი თავის როლს ითამაშებს და ხელი უნდა მოეწეროს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან ის უკვე არსებობს“, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი  გამოვიდა  ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, პარტიებმა კონტრაქციებზე უარი უნდა თქვან და იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა იქნება დაგეგმილი, სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ.

როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ აღნიშნა, მანვე გასცა ბრძანება, რომ პარტიების მხარდამჭერებთან შეხვედრისას ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ის თანამშრომლები, რათა ამით დაძაბულობა თავიდან აიცილონ.

ხუთშაბათს კი „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ სამშვიდობო მემორანდუმს.

ხელისუფლების ამ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი უნდობლობით შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მემორანდუმის შემოთავაზება „ცინიკური და პოპულისტური ნაბიჯია, რადგან სწორედ ხელისუფების წარმომადგენლები არიან შემჩნეულები თავდასხმებში და პლაკატების ჩამოხევაში, ამიტომ  შეუერთდებიან თუ არა მას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის” წევრი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ უმთავრესია სამართალდამცველების მხრიდან დარღვევებზე რეაგირება ხდებოდეს, რასაც ვერ ხედავს.  ეს მემორანდუმი კი მხოლოდ ფარატინა ფურცელია, მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და ამიტომაც ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს ინიციატივას შეუერთდეს.

„რესპუბლიკელებმა“ უკვე გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მემორანდუმის გაფორმებას მარს უჭერენ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930