ოთხშაბათს, თბილისის ქუჩებში არსებული გაზის მკვეთრ სუნის გამო, რომელიც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მტკიცებით, სრულიად უსაფრთხო იყო, 11 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (112) ცნობით, დღის პირველ ნახევარში მათთან 3 ათასი ზარი შევიდა, ხოლო 11 ადამიანი რომელთაც ბუნებრივი აირით მოწამვლის ნიშნები – ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნება ჰქონდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, გაზის სუნი იყო ვაკეში, ვერაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ნუცუბიძის პლატოზე, თავისუფლებაზე, ნაძალადევის რაიონში და კიდევ არაერთ ადგილას, როგორც ქუჩებში, ასევე სახლებშიც.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” განმატებით, ეს გაზის ჭარბი ოდორიზებით იყო გამოწვეული.
კერძოდ, მათი ცნობით, გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების – ოდორანტის დამატებით.
DFWatch შეეცადა, გაერკვია ოდორიზების შედეგად, ქუჩებში არსებული გაზის სუნი, იყო თუ არა ბუნებრივი აირის გაჟონვის ნიშანი. თუმცა, მიუხედავად დიდი ხნის მცდელობისა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
კომპანიის მიერ გავრცლებულ განცხადებაში კი მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მომხდარმა მოსახლეობის შეშფოთება და პანიკა გამოიწვია, რაც მთელი დღის განმავლობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ „ფეისბუქ“ გვერდზეც ნათლად ჩანდა. სადაც არაერთი წერდა, რომ „მთელ თბილისში სუნია გაზის. ოპერატორები მაინც დაამატეთ, ან წინასწარ აცნობეთ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ მოსახლეობას“ … „ზუსტად 3 საათია ვრეკავთ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს“… „იქნებ წინასწარ გაგვაფრთხილოდ ხოლმე და არ დაგვაპანიკოთ ხალხი !’ და ა.შ.
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ კი მომხდარზე პასუხისმგებლობას გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აკისრებს, რადგან, მისი მტკიცებით, ოდორიზება სწორედ ამ კომპანიამ განახორციელა.
ცნობისთვის, ”ყაზტრანსგაზ-თბილისი”, რომელიც ყაზახური კომპანია ”ყაზტრანგაზი”-ის შვილობილია, თბილისში 2006 წლის 9 მარტს დაფუძნდა. ამ დროისათვის, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით გაზს 384 055 აბონენტს აწვდის, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.